ტიერი მარიანი: ევროკავშირი უფრო და უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს 07.12.2025 22:17

 

ამ მომენტისთვის გამოძიება მიმდინარეობს, ჯერჯერობით მისი ბრალი დამტკიცებული არ არის, მაგრამ მიმდინარე გამოძიების კვალობაზე აშკარაა რომ სახეზეა პრობლემა, ეს შემთხვევა ერთ-ერთია მრავალთაგან, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა ფედერიკა მოგირინის დაკავებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამ სახის გამოწვევების წინაშე ევროკავშირი არაერთხელ აღმოჩნდა.

„გეტყვით კიდევ ერთ მაგალითს, ყოფილი ბელგიელი ევროკომისრის შესახებ, რაინდერსი, მის წინააღმდეგაც საქმეა აღძრული, მან 200 ათასი ევროს ღირებულების ლატარიის ბილეთები შეიძინა უკანონოდ, კიდევ ბევრი მაგალითია მსგავსი, და რას ნიშნავს ეს საბოლოო ჯამში? ევროკავშირი, რომელსაც სურს იყო გაღმერთებული, გამჭვირვალობის და გულახდილობის სავანე, სინამდვილეში საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს, ევროკავშირი არ არის უნაკლო და მსგავსი სკანდალების ნაკლებობას არ განვიცდით", - აღნიშნა ტიერი მარიანმა.

ევრო დეპუტატი იხსენებს სკანდალს, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელს უკავშირდება. 2021 წლის აპრილში New York Times-მა დაწერა, რომ ფონ დერ ლაიენს კორონავირუსის პანდემიის დროს კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორთან 1,8 მილიარდი დოზის შესყიდვასთან დაკავშირებით მობილური ტელეფონით მიმოწერა ჰქონდა და აღნიშნული შეტყობინებები ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.

„ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა ვაქცინების ტენდერთან დაკავშირებით კომპანია ფაიზერთა, დადგა საკითხი ფაიზერსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის მოლაპარაკებების გასაჯაროების თაობაზე, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი უარი განაცხადა რომ ეს ინფორმაცია წარედგინა, არავის აქვს წარმოდგენა თუ რა პირობებში შედგა ეს ტენდერი, საქმე არა მილიონობით არამედ მილიარდობით ევროს ეხება", - განმარტა მარიანმა.

მარიანმა ასევე ისაუბრა ევრო ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოს კრიტიკაზეც.

„გულწრფელად რომ გითხრათ, პრობლემა ევროკავშირშია, ევროკავშირი უფრო და უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს, მათ სურთ რომ იყვნენ უპირობო მესვეურები ამხელა ტერიტორიაზე. დიდი ბოდიში, მაგრამ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, დამოუკიდებელი, ქართული ინტერესებით. ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს საქართველოს მოქალაქეთა არჩევანს, ევროკავშირი უნდა შეიცვალოს. მე მსურს ევროკავშირის არსებობა და განვითარება, მაგრამ წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტის პატივისცემით, კანდიდატი სახელმწიფოების პატივისცემით, საქართველოსადმი მიდგომა მაოცებს, გვაქვს ორმაგი სტანდარტი", - დასძინა ტიერი მარიანმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ