08.12.2025 17:28
ამერიკამ ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობა იმიტომ დაგეგმა, რომ ეს ყველაფერი იატაკქვეშ არ მიმდინარეობდეს, აღებმიცემობა სცენის მიღმა არ იყოს და არც პოლიტიკური კორუფცია არსებობდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, „როცა საჯარო ხდება, ვის რამდენს და რისთვის უხდი, საშუალებას იძლევა, ამ სქემებში ჩართულმა ადამიანებმა პასუხისმგებლობა იგრძნონ".
„ის სისტემა დაინგრა, რითიც ლობისტური ორგანიზაციები გამჭვირვალობის ლოზუნგით მოქმედებდნენ. მათი საქმიანობა გამჭვირვალე გახდა, მაგრამ ახლა იმ სივრვეში გადავიდნენ, რაც გულისხმობს ფეიკნიუსების გამოქვეყნებას და ისეთი სტატიების დაწერას, რამაც ცალკეულ ქვეყნებში პროცესები უნდა განავითაროს. ლობისტობა გარკვეულ ქმედებად იქცა, რაც დაკავშირებულია ჩრდილოვან პოლიტიკასთან და ოლიგარქიული ჯგუფების პოლიტიკურ ინტერესებთან. კარგია, რომ ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ შინაარსი არ იცვლება. მით უმეტეს, როცა ეს შინაარსი „ნაციონალური მოძრაობის" რევანშისტური იდეების საფუძველზე იქმნება. ეს პარტია მექანიზმია, რომელიც ფულს იხდის და შედეგს ელოდება. ამ ფულის წყარო ის სისტემაა, რომელსაც შეგვიძლია, ომის პარტია დავარქვათ", - განაცხადა ვოლსკიმ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის „ფარას" გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელშიც პარტია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის, „ნელსონ მალინსის" საქმიანობაზეა საუბარი. დოკუმენტის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა", ლობისტური ჯგუფის საშუალებით პიარკამპანიას აწარმოებს 2025 წლის ივლისიდან დღემდე. დოკუმენტში საუბარია ლობისტების მიერ გამართულ შეხვედრებზე მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებთან. მედიასაშუალებებს შორის ჩამონათვალშია: Washington Examiner-ი, Reuters-ი, Newsmax-ი, The Hill-ი. დოკუმენტების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით მოქმედმა ლობისტურმა ჯგუფმა შეხვედრები გამართა სხვადასხვა კონგრესმენისა და სენატორის ოფისებთან, ასევე კომუნიკაცია ჰქონდა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.
მანამდე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ" აშშ-ში ლობისტური კომპანია Nelson Mullins Riley & Scarborough LLP-ი 360 ათას დოლარად დაიქირავა.
ავტორ(ებ)ი :