10.12.2025 14:35
ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობაში ჩვენ ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს. მათ არ მოსწონთ ხოლმე ჩარევა მათ საქმეებში, თუმცა ძალიან აქტიურად ერევიან საქართველოს საქმეებში. არა მარტო ერევიან, ცდილობენ, ხელი შეუშალონ ქვეყნის განვითარების პროცესს, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კობახიძემ უპასუხა კითხვას, რომლის თანახმადაც: „ამერიკის კრიტიკის საპასუხოდ მოვისმინეთ ევროსაბჭოსა და ევროკომისიის ლიდერთა განცხადება, რომ ისინი სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩაერევიან. რატომ არ მოქმედებს მათი ეს პრინციპი საქართველოსთან დაკავშირებით?"
კობახიძის შეფასებით, ეს მეტყველებს იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც დღეს არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში.
„რა თქმა უნდა, ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. რამდენად გახდება ეს კონკრეტული შემთხვევა მათი მიდგომის შეცვლის საფუძველი, არ ვიცი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მთლიანობაში პროცესები გაჯანსაღდება ევროპულ ბიუროკრატიაში. სხვანაირად, ეს ადამიანები თვითონ აყენებენ საკუთარი სტრუქტურების ინტერესებს ზიანს და სწორედ ასეთი მიდგომების, ორმაგი სტანდარტების შედეგია ის, რომ ევროკავშირში განვითარების ტენდენციები არის უარყოფითი. ეს ეხება როგორც დემოკრატიას, ისე ადამიანის უფლებებს და, ასევე, ეკონომიკას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორ(ებ)ი :