12.12.2025 17:31
არ ვარ დარწმუნებული, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს გამო ძილი უფრთხება, მაგრამ მოძალადე ადამიანი ასეთია - სუსტთან ძალადობს, ძლიერთან ენის მოჩლექით საუბრობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ბრიუსელი იმ ქვეყნებს ემსგავსება, რომელთაც ძალა თუ აქვთ, საზღვრების შეცვლა ძალადობით შეუძლიათ.
„ბრიუსელის ქმედებები ეზოში მოძალადე ადამიანს ჰგავს, რომელიც ადამიანებს აბულინგებს. როგორც წესი, ასეთი ადამიანი ომახიანი სუსტებთან არის, ხმამაღალი წნეხით, შანტაჟით და ა.შ. ბრიუსელი საქართველოს მიმართ წლების განმავლობაში ამას აკეთებდა, მაგრამ როგორც კი მასზე ძლიერთან მიდგება საქმე ენის მოჩლექით და მუხლების კანკალით იწყებს საუბარს. სადაც დაბალი ღობე იპოვეს, საქართველოს და ზოგიერთი მეზობლის სახით, ბოლომდე გაწირეს და აბულინგებდნენ ამ ქვეყნებს, სხვათა შორის, იმ თემებზე, რომლებიც პირდაპირ დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას ეფუძნებოდა. მაგრამ როგორც კი მათზე ძლიერმა ქვეყანამ ხმა აიმაღლა და სიმართლე თქვა, ენის მოჩლექით საუბარი დაიწყეს. დადგნენ და ვაშინგტონს აუხსნან, რატომ არის ცუდი სხვის შიდა საქმეებში ჩარევა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს გამო ძილი უფრთხება, მაგრამ მოძალადე ადამიანი ასეთია - სუსტთან ძალადობს, ძლიერთან ენის მოჩლექით საუბრობს. სამწუხაროდ, ბრიუსელი იმ ქვეყნებს ემსგავსება, რომელთაც ძალა თუ აქვთ, საზღვრების შეცვლა ძალადობით შეუძლიათ", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპულ დემოკრატიაში არ უნდა ჩაერიოს.
ავტორ(ებ)ი :