16.12.2025 13:22
მასშტაბური პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი არის „ნაციონალური მოძრაობა". ქართული პოლიტიკა ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის" გარშემო. 13 წელია, „ქართული ოცნება" ყველაფერს „ნაციონალურო მოძრაობის" გარშემო აშენებს. ოპოზიციური პარტიები იდენტობას რით იშენებენ? რომ „ნაცები" არ არიან. აბა, ვინ არიან? კარგი, „ნაცი" არ არის, ვინ არის?", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან სანიკიძემ „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციაზე დამატებითი ისრების გადმოტანა სწორი არ არის.
„ამ ქვეყანაში ოპოზიციონერი ნიშნავს გადისიდენტებულ ადამიანს, რომელიც მოყოლილია ხელისუფლების რეპრესიების ქვეშ. ივანიშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირება მარტო ქუჩაში არ გადის. ჩემი ღრმა რწმენით, ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლის ბევრად მნიშვნელოვანი ბერკეტი - 70 პროცენტი წყდება გარეთ, დანარჩენი 30% შიგნიდან. ტალღას აქვს თავისი ლოგიკური მომენტი, რომელსაც სჭირდება მზადება. მგონია, რომ ჩვენ ამ პერიოდში ვართ. არ მაქვს შეგრძნება, რომ ხვალ 200 ათასი კაცი გამოვა. ბიძინა ივანიშვილს მთავარი შიში აქვს ქვეყნის გარეთ. ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის" საგარეო გუნდზე მეტს არავინ აკეთებს. ეს არის პარტიის თავმჯდომარე, საგარეო მდივანი, მიხეილ სააკაშვილის კონტაქტები. არავის გამოუვა, დიდი ოპოზიციური გაერთიანება შედგეს და „ნაციონალური მოძრაობა" იქ არ იყოს. ეს არ გამოვა. ჩვენი თვითმიზანი არ არის ბანერის წინ გამოჭენება. ერთ კადრს ვერ ნახავენ, სადაც ასე მივდივარ. ეს არ არის ჩემი თვითმიზანი. მითხარით სალომე ზურაბიშვილის ბოლო საერთაშორისო დიდი ვიზიტი ან ვის ჩამოართვა ხელი, ვის ესაუბრა, სად გააჟღერა ხალხის ხმა. მას ჰქონდა ეს მომენტი, ეს მომენტი იყო საპარლამენტო არჩევნების გაყალბებიდან პირველი 3-4 თვე, მაშინ, როდესაც მთელი ოპოზიცია შეკრული იყო მის გარშემო. სარგებლობდა არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის ატრიბუტიკით, არამედ ოპოზიციის საერთო ატრიბუტიკით - ოთხივე ბარიერგადალახული კოალიცია ვამბობდით, რომ ეს ქალი ლიდერია, ქალბატონი სალომე. მას შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს აქვთ გამართული შეხვედრები, იქნება ეს ურსულა ფონ დერ ლაიენი, ფრიდრიხ მერცი" , - განაცხადა სანიკიძემ.
სანიკიძის განცხადებით, „სალომე ზურაბიშვილი ამჟამად არის მარტო და ის არც „ლელოს", არც გახარიას გუნდის და არც „ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას არ წარმოადგენს".
„ნაციონალური მოძრაობის" კონტაქტები ყოველთვის იყო ცხელი. ეს არის 2003 წლიდან დაგროვებული კონტაქტები. იმიტომაც ვარ პარტიის წევრი. შეძლება, ეს ნაბიჯი არ გადამედგა, რომ მიმაჩნდეს, ინდივიდუალური თამაშით შესაძლებელია რამეს გახდომა. მჯერა, ასეთ თამაშში პოლიტიკური პარტიის ზურგი არის კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელი და სალომე ზურაბიშვილი ამჟამად არის მარტო. ის არ წარმოადგენს არც „ლელოს" პოზიციას, არც გახარიას გუნდის, არც „ნაციონალური მოძრაობის" და არც დანარჩენებისგან გამიგია, რომ ლიდერად გამოეცხადებინოთ", - განაცხადა სანიკიძემ.
ავტორ(ებ)ი :