16.12.2025 16:57
„ბიბისიმ" წინასაარჩევნოდ მოამზადა სიუჟეტი, რათა დონალდ ტრამპის დისკრედიტაცია მოეხდინათ, ამის უკან დგას პოლიტიკური ინტერესები და სავარაუდო პოლიტიკური დაკვეთა, ამ შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპის სარჩელი აჩვენებს ფალსიფიკაციის იმ დონეს, რაზეც მიდის „ბიბისი" საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
„ეს აჩვენებს ფალსიფიკაციის იმ დონეს, რაზეც მიდის „ბიბისი" საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ფაქტია, რომ ამის უკან დგას პოლიტიკური ინტერესები და სავარაუდო პოლიტიკური დაკვეთა, ამ შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ. იცით, რომ წინასაარჩევნოდ იყო სიუჟეტი მომზადებული, რათა დონალდ ტრამპის დისკრედიტაცია მოეხდინათ. კიდევ ერთხელ დასტურდება, ის ზღაპარი, რასაც ჩვენ გვიყვებიან მედიასტანდარტებზე, რომელიც თითქოს არსებობს ზოგიერთ ქვეყანაში და რასაც ჩვენ პირიქით ვხედავდით ბევრ მაგალითზე, არის აბსოლუტურად ერთი ხელით მართული პროპაგანდისტული მანქანა, სხვადასხვა ქვეყანაში ერთი კონგლომერაციული გაერთიანებებით იმართება. ეს კიდევ ერთხელ დასტურდება და ამყარებს, მათ შორის, ჩვენს პრეტენზიას „ბიბისის" წინააღმდეგ.
თუ არ ვცდები, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ 10-მილიარდიანი სარჩელი შეაქვს „ბიბისის" წინააღმდეგ. იცით, რომ ჩვენც ვმუშაობთ ამ სარჩელზე, იურისტები მუშაობენ ამ სარჩელთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ჩვენც იგივე გზას მივმართავთ. იცით, რომ არის შესაძლებლობა მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრების და ყველა სამართლებრივ მექანიზმს მივმართავთ, რათა „ბიბისის" ფალსიფიკაცია ვამხილოთ. კიდევ ერთხელ დასტურდება ამ გარემოებებით და მათ შორის, ტრამპის საქმეც ზუსტად ამის დასტურია, რომ ეს იყო ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა „ბიბისი". იურისტები მუშაობენ, ვამზადებთ სარჩელს. რა თქმა უნდა მიმართვას სჭირდება მომზადება, მათ შორის სავარაუდოდ საჭირო იქნება ბრიტანეთში იქაური იურიდიული დახმარების გამოყენება, ვინაიდან წარმომადგენლობაც მნიშვნელოვანი არის. ასე რომ, შევხედოთ, სამართლებრივად ვმუშაობთ ამ დოკუმენტზე", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა „ბიბისის" წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და კომპენსაციის სახით ათი მილიარდი დოლარი მოითხოვა.
ავტორ(ებ)ი :