საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების წინაპირობაა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება -შალვა პაპუაშვილი 16.12.2025 12:00

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების წინაპირობაა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის, მიხაილ კალუგინის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ „რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სერიოზულად არის მიმართული, იმ პირობით, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ თამაშებში „ხურდა ფული" არ გახდება".

„ჩვენ ვთქვით, რა არის წინაპირობა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენის. ეს ურთიერთობები აღდგება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღიარებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან. რუსეთის ფედერაციამ და რუსეთის ხელისუფლებამ კარგად იციან, რა არის წინაპირობა ურთიერთობის ნორმალიზების. ჩვენ ნორმალიზების მომხრე ვართ და ამის წინაპირობაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება, ყველა ნაბიჯი განპირობებულია ეროვნული ინტერესებით და არა ვიღაცის კარნახით.

„ჩვენი ეროვნული ინტერესია ქვეყნის მთლიანობის აღდგენა და კეთილდღეობა. ქვეყნის მთლიანობაში იგულისხმება სუვერენიტეტი. ვინც პატივს არ სცემს ჩვენს სუვერენიტეტს, შესაბამისი დამოკიდებულებაც გვექნება. არ სცემს პატივს რუსეთი ჩვენს სუვერენიტეტს - მკაფიო პოზიცია გვაქვს, რომ დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. ნათქვამი გვაქვს, თუ რა არის ურთიერთობის აღდგენის წინაპირობა, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სუვერენიტეტის პატივისცემა. არ სცემს პატივს ჩვენს სუვერენიტეტს ბრიუსელი, მათაც ამისკენ მივუთითებთ. როგორც კი პატივს სცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, ჩვენი ურთიერთობები მაშინვე სხვანაირად დალაგდება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ