18.12.2025 15:22
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, „სერბეთის სასახლეში" გამართულ პირისპირ შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა და ალექსანდრ ვუჩიჩმა საქართველოსა და სერბეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით იმსჯელეს. ამასთან, ისაუბრეს არსებული მეგობრული კავშირების, კულტურული სიახლოვის, საერთო ღირებულებებისა და გამოწვევების თაობაზე, რაც ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისთვის მტკიცე საფუძველს წარმოადგენს.
„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სერბეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ასევე, ყურადღება გაამახვილეს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.
როგორც შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის ფასეულია სერბეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
საქართველოს პრეზიდენტმა სერბი კოლეგა საქართველოში მიიწვია", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები - ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ავტორ(ებ)ი :