2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება 19.12.2025 20:35

 

19 დეკემბერს გამართულ BSEC-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 51-ე სხდომის ფარგლებში, საქართველო 6 თვის ვადით (2026 წლის 1 იანვარი - 30 ივნისი) შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართულმა მხარემ, წევრ სახელმწიფოებს, თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო და აღინიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დაკავშირებადობას, მდგრადობასა და თანამშრომლობის გაძლიერებას.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს (CMFA) 51-ე სხდომაში. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ პოზიტიურად შეაფასა ბულგარეთის რესპუბლიკის თავმჯდომარეობის პირობებში გამართული ღონისძიებები.

„ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაზრდის მნიშვნელობაზე, რაც BSEC-ის წევრი სახელმწიფოების მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. ამასთან, ხაზი გაესვა რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების მნიშვნელობას, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით.

ყურადღება გამახვილდა დაკავშირებადობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში, საქართველოს მონაწილეობით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე და რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, შავი ზღვის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის საჭიროებაზე", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ