24.12.2025 15:40
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, „გახარია საქართველოსთვის" პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი გიგა ფარულავა სადეპუტატო შეკითხვით მიმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მამუკა მდინარაძეს.
„მოგეხსენებათ, რომ 22 დეკემბერს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში გაიმართა 2025 წლის ბოლო შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა მედიასთან საჯარო კომუნიკაციისას განაცხადა შემდეგი: „ქართული პოლიციის საგუშაგოს მოხსნის საკითხი კვლავ ერთ-ერთ საკვანძო თემად რჩება სამხრეთ ოსეთისთვის. მსგავსი საკითხების მოგვარება ერთი შეხვედრის ან ერთი მოთხოვნის ფარგლებში შეუძლებელია. ამასთან, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და უკვე არსებობს გარკვეული პოზიტიური ძვრები. ჩვენთვის არ არსებობს სხვა ალტერნატივა, გარდა ამ საგუშაგოს სრულად მოხსნისა და მისი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან გაყვანისა".
ერთ-ერთ დადებით მომენტად მან დაასახელა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა. 1. გთხოვთ, მომაწოდოთ ინფორმაცია, რა პოზიცია დააფიქსირა საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლებმა საგუშაგოს მოხსნასთან დაკავშირებით; 2. გთხოვთ, მომაწოდოთ ინფორმაცია, რა პოზიცია დააფიქსირა საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის დადებით არგუმენტად გამოყენებაზე; 3. გთხოვთ, მომაწოდოთ ახსნა-განმარტება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რატომ არ ხდება საქართველოს მოქალაქეების, თუნდაც, ზოგადი ინფორმირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით", - ნათქვამია „გახარია საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :