24.12.2025 15:39
ასოციაცია სრულად არის ღია სამუშაო შეხვედრებისა და კონსულტაციებისთვის სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომლებთანაც პარტნიორული და კონსტრუქციული თანამშრომლობა გვაკავშირებს, - ამის შესახებ „რითეილ ასოციაციის" განცხადებაშია აღნიშნული.
„რითეილ ასოციაციაში" აცხადებენ, რომ ასოციაცია და მისი წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ, პრემიერ-მინისტრთან უშუალო დიალოგის ფარგლებში დეტალურად განიხილონ ის ობიექტური მიზეზები, რომლებიც გავლენას ახდენს ფინანსურ მაჩვენებლებზე.
მათივე შეფასებით, კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგი არსებული გამოწვევების ერთობლივი გააზრებისა და ორმხრივი კონსენსუსის საუკეთესო გზაა.
„რითეილ სექტორი მუდმივად მოქმედებს გამჭვირვალობის, საჯაროობისა და პასუხისმგებლობის პრინციპების შესაბამისად და წლების განმავლობაში ღიად და არგუმენტირებულად საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლებიც FMCG სექტორის წინაშე დგას. ჩვენი პოზიციები არაერთხელ დაფიქსირებულა, როგორც საჯარო კომუნიკაციის ფარგლებში, ისე პროფესიულ დისკუსიებსა და სამუშაო ფორმატებში. ასოციაცია სრულად არის ღია სამუშაო შეხვედრებისა და კონსულტაციებისთვის სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომლებთანაც პარტნიორული და კონსტრუქციული თანამშრომლობა გვაკავშირებს.
სექტორი ფუნქციონირებს მკაცრი ფინანსური დისციპლინის პირობებში - ფინანსური ანგარიშგება საჯაროა, ხოლო კომპანიებს აქვთ ფინანსური აუდიტის ვალდებულება, რაც უზრუნველყოფს მონაცემების სიზუსტესა და სანდოობას, აღნიშნულს კი ბოლო პერიოდის სიღრმისეული და კომპეტენტურ კვლვევებზე დაფუძვნებული ანალიზიც ამყარებს. ამ კონტექსტში, ასოციაცია და მისი წევრები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ, პრემიერ-მინისტრთან უშუალო დიალოგის ფარგლებში დეტალურად განიხილონ ყველა ციფრი, მათ შორის მათი წარმომავლობა, სტრუქტურა და ის ობიექტური მიზეზები, რომლებიც გავლენას ახდენს ფინანსურ მაჩვენებლებზე. ასოციაციას არაერთხელ დაუფიქსირებია პოზიცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ), საბანკო საკომისიოები, ასევე, რეგულაციებიდან გამომდინარე ხარჯების ზრდა, რომლებიც პირდაპირ აისახება საბოლოო მომხმარებელზე. მიგვაჩნია, რომ კერძო და საჯარო სექტორებს შორის სტრუქტურირებული დიალოგი წარმოადგენს საუკეთესო გზას არსებული გამოწვევების ერთობლივი გააზრებისა და ორმხრივი კონსენსუსის მიღწევისათვის. სწორედ ასეთი თანამშრომლობის პირობებშია შესაძლებელი დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც თანაბრად გაითვალისწინებს როგორც ეკონომიკურ რეალობას, ისე სოციალურ პასუხისმგებლობას. ასოციაცია მზად არის აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში და საკუთარი ექსპერტიზითა და მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზით ხელი შეუწყოს მომხმარებლისა და ბიზნესის კეთილდღეობას", - აცხადებენ „რითეილ ასოციაციაში", სადაც გაწევრიანებულია საცალო ქსელები: „დეილი ჯგუფი", „ნიკორა", „აგროჰაბი", „კარფური", „გუდვილი", „ზღაპარი", „სმარტი", „უნივერსამი", „ვეი მარტი", „გალფ სთორი", „დომინო".
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მთავრობა აქტიურად იმუშავებს სადისტრიბუციო და მარკეტების ქსელებთან ფასების შემცირების მიზნით. კობახიძის თქმით, პარლამენტს სთხოვს, საკითხის შესაფასებლად საპარლამენტო კომისია შექმნას.
ავტორ(ებ)ი :