ცესკოს სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილმა 2025 წელი შეაჯამა 30.12.2025 17:24

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს 2025 წლის ბოლო სხდომა გაიმართა.

ცესკოს ინფორმაციით, დღეს გამართულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 2025 წელი შეაჯამა.

მან დეტალურად ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და გაწეული სამუშაოსთვის ადმინისტრაციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. გიორგი კალანდარიშვილმა კომისიის წევრებს, სხდომაზე დამსწრე პირებსა და საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცა. გიორგი კალანდარიშვილის შემაჯამებელ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„წლის ბოლო სხდომა კარგი შესაძლებლობაა, შევაჯამოთ მიმდინარე წელი და კიდევ ერთხელ შევხედოთ იმ დიდ გზას, რომელიც ერთად გავიარეთ. ეს იყო პერიოდი, რომელმაც თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, გამძლეობა და პროფესიული სიმტკიცე მოსთხოვა. ეს იყო გამოწვევებითა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით სავსე პერიოდი.

ცესკოსთვის თითოეული წელი განსაკუთრებულია, მით უმეტეს, თუ ეს საარჩევნო წელია, ვინაიდან ეს ნიშნავს ახალი გამოცდილების შეძენას და განვითარებას.

ცესკოს საქმიანობა არ არის მხოლოდ პროცედურების და ვადების დაცვა. ეს არის ყოველდღიური, ხშირად შეუმჩნეველი, მაგრამ ქვეყნის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი შრომა. სწორედ ამიტომ, ძვირფასო კოლეგებო, საარჩევნო ადმინისტრატორებო, თქვენი როლი და წვლილი ამ პროცესში განსაკუთრებით დასაფასებელია.

მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით დაკისრებული მოვალეობების შესრულება მაღალი პროფესიული სტანდარტებით, კანონმდებლობის მკაცრი დაცვით და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობით. ერთობლივი ძალისხმევით გაუმჯობესდა როგორც საარჩევნო პროცესების ადმინისტრირება, ისე შიდა სამუშაო მექანიზმები და კომუნიკაცია.

ბუნებრივია, წელი არ ყოფილა მარტივი. იყო სირთულეები, მაღალი დატვირთვა და კრიტიკული გარემო. თუმცა სწორედ ასეთ პირობებში ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა ინსტიტუციის სიძლიერე - სიმშვიდე, პრინციპულობა და ერთმანეთის მხარდაჭერა. თითოეული ასეთი გამოცდილება ჩვენთვის გაკვეთილია და მომავალი განვითარების საფუძველი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გამოცდილება, რომელიც ამ წელს მივიღეთ, გვაძლევს შესაძლებლობას, მომავალში კიდევ უფრო ეფექტიანად ვიმუშაოთ, განვავითაროთ პროფესიული უნარები და გავაძლიეროთ ორგანიზაციული კულტურა.

მომავალი წელი ახალ ამოცანებს მოგვიტანს, რომელთა შორის იქნება კიდევ უფრო ეფექტიანი მზადება მომავალი საარჩევნო ციკლებისთვის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იმ პასუხისმგებლობის გრძნობით, რომელიც დღეს გვაერთიანებს, შევძლებთ ყველა გამოწვევის ღირსეულად დაძლევას.

გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს, ცესკოს, უსკოს, სწავლების ცენტრისა და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და თანამშრომლებს, გაწეული შრომის, მოთმინების, ღირსეული სამსახურისა და ერთგულებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, პროფესიულ წარმატებას და მშვიდ, ნაყოფიერ ახალ წელს.

დამდეგ ახალ წელს ვულოცავ არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრატორებს, არამედ მთლიანად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ყველა თანამემამულეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. ვუსურვებ ყველა ოჯახს მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. დაე, ახალმა წელმა მოიტანოს მეტი ურთიერთგაგება, ერთმანეთის პატივისცემა, ურთიერთნდობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების გაძლიერებისა და ქვეყნის წინსვლისთვის. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებულ ახალ წელს".

დღესვე ცესკოს თავმჯდომარემ საზოგადოებას გაუზიარა ინფორმაცია სხდომებთან დაკავშირებით. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, დღეს ცესკომ წლის ბოლო, რიგით 42-ე სხდომა გამართა. 2025 წლის განმავლობაში ცესკომ მიიღო 56 დადგენილება და 242 განკარგულება, რომლის ფარგლებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

„ამ პერიოდში ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა სრულად განგვეხორციელებინა გასულ წელს დანერგილი სხდომების მართვის ელექტრონული სისტემა, რომელმაც უზრუნველყო სხდომების ეფექტიანად წარმართვა. ასევე, უზრუნველყოფილი იყო სხდომების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა საარჩევნო ადმინისტრაციის სოციალურ ქსელებში პირდაპირი ტრანსლირების გზით, რამაც ერთი მხრივ უზრუნველყო გადაწყვეტილების მიღების პროცესის საჯაროობა და გამჭვირვალობა, ხოლო მეორე მხრივ კი ჩართული მხარეებისთვის სხდომების დისტანციურად დაკვირვების შესაძლებლობა. შესაბამისად, ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც სხდომების ორგანიზებაში, გაშუქებასა და სხვა საორგანიზაციო თუ ტექნიკურ საკითხში იყო ჩართული, მინდა მადლობა გადავუხადო - სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტებს და განსაკუთრებით სამდივნოს თანამშრომლებს, ასევე ყველა სტრუქტურულ ერთეულსა და სწავლების ცენტრს განსახილველი საკითხების მომზადებისთვის, განხილვებსა და სხდომებში მონაწილეობისთვის", - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ