30.12.2025 21:08
10 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა არის 7.6% და წლის ბოლოსაც გავალთ დაახლოებით ამ მაჩვენებელზე, რაც აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის კორექტიურებულ, გაზრდილ ბრუნვასაც კი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური გუნდის განახლების მნიშვნელობას.
„თვისებრივად განახლდა ჩვენი გუნდი. შედეგები ეკონომიკის სფეროში გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი, მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში ქვეყნდებოდა უარყოფითი პროგნოზები. რა თქმა უნდა, ეს იყო ხელოვნურად დაგეგმილი კამპანიის შედეგი. ჩვენ წლის ბოლოსთვის ვახერხებთ შთამბეჭდავი შედეგების მიღწევას. 10 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა არის 7.6% და წლის ბოლოსაც გავალთ დაახლოებით ამ მაჩვენებელზე, რაც აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის კორექტიურებულ, გაზრდილ ბრუნვასაც კი. ბუნებრივია, ეს არის ეკონომიკური გუნდის ეფექტიანი საქმიანობის შედეგი. თითოეულ თქვენგანს მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისათვის. პირველად გადასცდება ჩვენი ეკონომიკა 100 მლრდ ლარს და მიაღწევს დაახლოებით 104 მლრდ ლარს. ერთ სულ მოსახლეზე გადასცდება პირველად ასევე 10 000 დოლარს და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით გადასცდება პირველად ასევე 30 000 დოლარს.
ბუნებრივია, ეკონომიკის ზრდა მთლიანობაში აისახება ქვეყნის ეკონომიკური პოზიციების გაძლიერებაზე, ასევე თუნდაც პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებაზე. რაც მთავარია, ეს ყველაფერი აისახება ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე", - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, 100%-ზე მეტით შესრულდა ნაერთი ბიუჯეტის და ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი.
„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. საგარეო ვალი შემცირდა მთლიანი შიდა პროდუქტის 34%-მდე. მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წლისთვის საგარეო ვალმა მიაღწია მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს, გადააჭარბა 60%-ს და გვაქვს მუდმივი კლება. ეს არის ეკონომიკური ზრდის შედეგი და ეკონომიკური გუნდის ძალიან ეფექტიანი საქმიანობის შედეგი.
ასევე, მიუხედავად საწყისი უარყოფითი პროგნოზებისა, ჩვენ შევძელით ლარის კურსის სტაბილურად შენარჩუნება და სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის ჩვენი სავალუტო რეზერვები გადააჭარბებს 6 მლრდ დოლარს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადობის უზრუნველყოფისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ავტორ(ებ)ი :