ვამბობდი, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი არ ვარ, გავრცელებული ვიდეო ჩემთვის იყო პერფორმანსი-პაატა მანჯგალაძე 08.01.2026 13:57

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ათი პირის პროცესი მიმდინარეობს.

მათ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას ედავებიან.

პროცესს, პაატა ბურჭულაძისა და ირაკლი შაიშმელაშვილის გარდა, ყველა ბრალდებული ესწრება. პაატა ბურჭულაძემ სხდომაზე დასწრებაზე უარი თავად განაცხადა.

პროცესზე მიმდინარეობს ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა, კერძოდ, ვიდეომტკიცებულებების. პროკურატურამ წარმოადგინა ვიდეომასალა, რომელიც ტელეეთერებშია გასული და ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრთა ბრიფინგია ასახული.

აღნიშნული ვიდეოს მოსმენის შემდეგ, პაატა მანჯგალაძემ სასამართლო დარბაზში განცხადება გააკეთა.

„დაკითხულიც კი არ ვართ, არავის უკითხავს. მინდა, გამოძიებამ სრულად დაინახოს სურათი და არა რაღაც ამოჭრილად, რომ ჩვენ წინასწარი განზრახვით შევიკრიბეთ, დავგეგმეთ, ვიმსჯელეთ. რასაც გვედავებიან, მართლა არანაირი საერთო არ აქვს. მაგ დღეს, შემთხვევით, ჟურნალისტებმა მთხოვეს კომენტარის გაკეთება, ყველა იქ იყო მისული და სჯობდა, რომ იქ მივსულიყავი. მე რომ იმ დროს იქ არ ვყოფილიყავი, არც მოვხვდებოდი მაგ ვიდეოში. წინასწარი ორგანიზებული ხომ უნდა იყოს, წინასწარ რაღაც გადაწყვეტილება ხომ უნდა მიგვეღო? მანამდე ან მას შემდეგ? ასეთი რაღაცა არ ყოფილა, ყველა დაადასტურებს. ეს იყო პერფორმანსი ჩემთვის. მარტო ეს ვიდეო არაა, უფრო მეტ ინფორმაციას მოგცემთ. თავიდან იყო საუბარი სურათის გადაღებაზე, მე მთხოვეს, ფოიეში ვიდექი და მთხოვეს, სურათის გადაღებისთვის თუ ვიყავი მზად. შემდეგ თქვეს, ეს სურათი არაფერს გვაძლევს და თუ შეიძლება, ჩავწეროთ უხმო ვიდეოო. შემდეგ თქვეს, რაღაც ვთქვათო, აი ეს იყო. ირაკლი ნადირაძემ გამახსენა, ვიდეოში გვითქვამს, ეს ვიდეო არ არის უწყინარი, ამ მთავრობის პირობებში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჩვენ საწინააღმდეგოდ. ესეც მითქვამს, რომ შეიძლება გამოიყენონ. იმის იქით შინაარსი ამ ვიდეოს არ აქვს. ის კი არა, იმ დღეს ყველა შეხვედრაზე ვამბობ, რომ არანაირი ორგანიზატორი მე არ ვარ. პოლიტიკოსი ვარ და მედიასთან მუდმივი კონტაქტი მქონდა. ვამბობდი, რომ არ ვარ ამ აქციის ორგანიზატორი. იმ დღეს უამრავ ადამიანთან ჩავწერე ვიდეოც და ფოტოც მაქვს გადაღებული. არანაირ დამხობაზე, სისხლის კალოს მოწყობაზე არ არის საუბარი. მით უმეტეს, არავინ წავა აქციაზე 14 წლის ბავშვთან ერთად. ვერ იპოვით ადამიანს, ვინც იტყვის რაიმე შეხვედრას, სადაც დაიგეგმა ამ ხალხის ან ჩემი მონაწილეობით რამე. სისტემა თუ მოინდომებს, ნებისმიერ ადამიანს გამოაცხადებს დამნაშავედ, არავინ დაცული არ არის", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულები არიან: პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, ასევე, ირაკლი შაიშმელაშვილი, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს გავრცელდა ვიდეო, სადაც პაატა ბურჭულაძემ აქციის საორგანიზაციო კომიტეტი წარადგინა. ბურჭულაძემ კომიტეტის წევრებად დაასახელა ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.

„ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ვაკეთებთ ამის ორგანიზებას. ძალიან გთხოვთ ყველას, ჩვენთან უნდა მოვიდეს მომავალი ნაბიჯები, უნდა გავყვეთ ყველანი და მოგვიყვანს გამარჯვებამდე. ბრძოლა ბოლომდე. დროშები არ დაგავიწყდეთ, გამარჯვება ჩვენკენ არის", - აღნიშნა 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ