08.01.2026 16:49
ჩვენ რასაც ვაკვირდებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ეს არის არსებული ე.წ. საერთაშორისო წესრიგის ფაქტობრივად აქტიური დემონტაჟის პროცესი, ამ პროცესს, როგორც ყოველთვის, წინ უძღვის ხოლმე გარკვეული ეროზია, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობებში და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვაში", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვენეციის კომისია თავის დროზე შექმნილი იყო სწორედ იმისთვის, რომ ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, წმინდა სამართლებრივი დასკვნები გაეკეთებინა ამა თუ იმ კანონის კონსტიტუციასთან და საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში.
„ჩვენ ვიხილეთ, რომ ხშირად გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პრეამბულით შემოიფარგლებოდა და იურიდიული, სამართლებრივი მხარე მათ მიერ გაკეთებული დასკვნების ფაქტობრივად ნიველირებული იყო პოლიტიკური ნაწილით. ამ კუთხით ეს ყველაფერი არის სწორედ იმ შიდა ეროზიის შედეგი, რაც მთელ რიგ საერთაშორისო სტრუქტურებში ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. თუ მათ მყარი სამართლებრივი საფუძველი ექნებათ, მაშინ შეიძლება, ვთქვათ, რომ ამას რაღაც სამართლებრივი ძალა აქვს. თუ ვენეციის კომისიის პოლიტიკური განცხადება იქნება, მაშინ ამას ნამდვილად არანაირი ფასი არ ექნება", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს, რომელიც 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლას ითვალისწინებს. ამ ორგანიზაციებს შორის მოხვდა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაც.
ავტორ(ებ)ი :