15.01.2026 15:53
მოლაპარაკებებიც იქნება, დალაგდებიან კიდევაც, ურთიერთობას აღადგენენ, ასე ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში, ახლაც ასე მოხდება. ერთადერთი სხვაობაა, რომ „ქართული ოცნების" პირობებში ამ პროცესში კი არ დავზიანდით, პირიქით, გავძლიერდით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა „პოლიტიკოს" ინფორმაციაზე, რომ ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს.
„ეს არის მაგალითი არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ იმ დროს, როდესაც ასეთი გლობალური პროცესები დაიწყო, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომის სახით, ხელისუფლებაში იყო და არის „ქართული ოცნება". „ქართული ოცნება" რომ არა, ზუსტად ის ევროპელები, რომლებიც მაშინ კაბინეტების კარს ატალახებდნენ და ითხოვდნენ რუსეთის იზოლაციას ჩვენი მხრიდან, საზღვრის, საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, ვაჭრობის შეჩერებას და ასე შემდეგ, მოგვიწოდებდნენ, რომ მთავარი ამოცანაა რუსეთის გარშემო ცეცხლის რკალის შექმნა, მისი იზოლაციაა. ამას დაჰყვებოდა ყველა ე.წ. ოპოზიციონერი, რომელიც სინამდვილეში ცალ ფეხზე მდგომი მარიონეტია გარე ძალების. მივიღებდით იმას, რომ დაინგრეოდა საქართველო ეკონომიკურად. დიდი ალბათობით, დაინგრეოდა როგორც სახელმწიფო, რადგან ეს იყო პირდაპირი ბილეთი ახალი სამხედრო დაპირისპირებისკენ რუსეთთან. დავინგრეოდით, დავიშლებოდით და გვექნებოდა ალბათ უცხოელებისგან ტკბილი სიტყვები. დღეს კი ევროკავშირი დაიწყებდა საუბარს, რომ ეს იზოლაცია მათი მხრიდან თურმე ჩაიშალა, ახლა საჭიროა მოლაპარაკებები, სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა. ყველაფერი იქნება - მოლაპარაკებებიც იქნება, დალაგდებიან კიდევაც, ურთერთობას აღადგენენ, ასე ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში, ახლაც ასე მოხდება. ერთადერთი სხვაობაა, რომ „ქართული ოცნების" პირობებში ამ პროცესში კი არ დავზიანდით, პირიქით, გავძლიერდით, ვართ რეგიონში ეკონომიკურად ყველაზე მზარდი ქვეყანა, მათ შორის დიდ რეგიონში. უსაფრთხოების მხრივ არცერთი რისკი არ შეგვექმნა, ხოლო ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს" კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა, რომელსაც შეიძლება, მოლდოვის პრეზიდენტის არ იყოს, საფიქრალი ჰქონოდა, ვინმეს ხომ არ მიერთებოდა. გულში მჯიღი რომ გვეცა და ევროპის დროშები გვეფრიალებია, რომ ახლა საერთო საქმეში უნდა ჩავერთოთ, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა, რომელსაც ზედ არავინ შემოგვხედავდა და, საბოლოო ჯამში, მადლობასაც არავინ გვეტყოდა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :