სოზარ სუბარი: სუფრაზე, სადაც მსოფლიო გადანაწილება ხდება, ევროკავშირი მირთმეულია როგორც კერძი და არა როგორც მოთამაშე, რომელიც არჩევს თავისთვის სასურველ კერძს 17.01.2026 23:26

 

ევროკავშირი ამ ფონზე გამოჩნდა უკვე ძალიან უსუსურ მოთამაშედ. ფაქტობრივად, ეს არის გაერთიანება, რომელსაც საერთოდ არ ეკითხებიან მსოფლიოს ახალ გადანაწილებას, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია" პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

მან უპასუხა წამყვანის კითხვას, „მსოფლიო წესრიგი იცვლება. ქვეყნები საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების დაცვისა და გავლენის სფეროების გაფართოების ფაზაში არიან გადასულები. ჩანს, რომ ევროკავშირი კარგავს პოზიციებს და საკუთარ როლს გლობალურ პოლიტიკაში. ამის ფონზე, როგორ ფიქრობთ, სად არის და რა მდგომარეობაში იმყოფება ევროკავშირი?"

სოზარ სუბარის თქმით, „სუფრაზე, სადაც ეს გადანაწილება ხდება, ევროკავშირი მირთმეულია, როგორც კერძი და არა როგორც მოთამაშე, რომელიც არჩევს თავისთვის სასურველ კერძს".

„ამ მდგომარეობაში აღმოაჩინა ევროკავშირმა თავისი თავი არასწორი პოლიტიკის გამო და თუკი ევროკავშირი 2008 წელს, 18 წლის წინ ფაქტობრივად, პირველი ეკონომიკა იყო, დღეს ის უკვე მსოფლიოს მესამე ეკონომიკაა და თანაც ძალიან სწრაფად იკლებს მისი წილი მსოფლიო ეკონომიკებში.

მარტო ეკონომიკა არ არის, უსაფრთხოების საკითხებშიც მთლიანად იყო ჩამოკიდებული ბოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეერთებული შტატების ძალაზე, არ ცდილობდა თავისი ძალების განვითარებას და დღეს ამის შედეგსაც იწვნევს.

კიდევ ერთი, რაც ევროკავშირს ძალიან მკაცრად ურტყამს, არის მენტალური კრიზისი. ევროკავშირში, რომელმაც გააღო კარები მიგრანტებისთვის აზიიდან, აფრიკიდან, მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნიდან, აბსოლუტურად განსხვავებული კულტურული ფენომენები შევიდა, მილიონობით ადამიანი შევიდა. იმედი ჰქონდათ, რომ მოხდებოდა მულტიკულტურული საზოგადოების აშენება, სადაც ყველა ბედნიერად იცხოვრებდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს არის შეუძლებელი და ევროკავშირის შიგნით გაჩნდნენ ჯგუფები, რომლებსაც ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ.

შესაბამისად, იცვლება ევროპის მენტალობა მთლიანად, რაც აწუხებს ევროპის ძირძველ მოსახლეობას და ზოგიერთ ევროპელ ლიდერს, როგორიც არის, მაგალითად ორბანი უნგრეთში. ევროკავშირი, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ხედავს საფრთხეს, რომელიც მისი არასწორი პოლიტიკიდან მომდინარეობს, ვერ ცვლის ამ ერთხელ დაგეგმილ გეზს და ისევ იმავეს აკეთებს, რასაც აკეთებდა ათწლეულების განმავლობაში, რაც კიდევ უფრო ასუსტებს მის როლს საერთაშორისო არენაზე", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ