24.01.2026 17:57
მე კითხვა მიჩნდება, რატომ არ ასაჯაროებენ „ქოცები"ქვითრებს და არა იმაზე, რატომ არ ასაჯაროებს საია სარჩელს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
როგორც გეგელია აღნიშნავს, საია ამბობს, რომ სარჩელში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნა არ ყოფილა, რაც, მისთვის დამაკმაყოფილებელი ცნობაა.
„საია, როგორც მაღალი რეპუტაციის მატარებელი ორგანიზაცია, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს ისე ამბობს, როგორც იყო. რაც შეეხება არჩევნების გაყალბება-არგაყალბების საკითხს, თუკი „ქოცების" რეჟიმს ოდესმე რაიმე სურვილი ჰქონდა, საკუთარი სიმართლე დაემტკიცებინა, უმარტივესად შეეძლოთ იმ ქვითრების გახსნა, რომელიც იყო და ახლა უნდა იყოს დაცული. საქართველოს დემოკრატიული ძალები მოვითხოვდით, ქვითრები გახსნილიყო და ხალხს რეალურად ენახა, ვინ მისცა ხმა. ეს არანაირი პრივატულობის დარღვევა არ იყო, დოსიეები არჩევნების დღეს ისედაც საჯაროა, მაგრამ „ქოცებმა" დამალეს, ვინ მისცა ხმა არჩევნებზე, რადგან მათ ხმა გამყალბებლებმა მისცეს, ემიგრანტებისა და სხვა ისეთი პირების სახელით, რომლებიც არჩევნებზე ფიზიკურად არ ყოფილან", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ცნობისთვის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დაიწყო. როგორც საია-ში აცხადებენ, მათ მოთხოვნებში არჩევნების შედეგების გაუქმება არ არის.
ამასთან, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა, საჩივრებიდან დგინდება, რომ მომჩივნების ნაწილი ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს ითხოვდა საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჩერებას, რაც ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ავტორ(ებ)ი :