დიდი ალბათობით, ალბათ მაინც დავეთანხმებით დებატებს, მაგრამ ველოდებით ფორმატის დეტალებს, რის შემდეგაც ვიტყვით საბოლოო პასუხს -გიორგი შარაშიძე 27.01.2026 17:12

დებატები რომ დემოკრატიული პროცესის განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია, ამის სწავლება „ოცნებისგან" ნამდვილად არ გვჭირდება იმ გუნდს, რომელიც დებატს „ოცნებასთან" უკვე წლების განმავლობაში ითხოვს, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

შარაშიძის თქმით, დებატებში მონაწილეობაზე საბოლოო დასტური იქნება მაშინ, როდესაც პარტიას ეცოდინება, რა ფორმატზეა საუბარი.

„შემიძლია, სულ ბოლო შემთხვევა დავასახელო, როდესაც მუნიციპალური არჩევნების დროს ჩვენი კანდიდატები „ოცნების" მერობის კანდიდატებს იწვევდნენ საჯარო დებატებში, მაგრამ უკლებლივ ყველა უარს ამბობდა და გაურბოდა დებატებს. ასევე გავიხსენებ ჩვენს მოთხოვნებს ტელეკომპანია „იმედის" მისამართით, როდესაც ვითხოვდით, რომ გიორგი გახარიასთვის გაეხსნათ ეთერი და ამას არ აკეთებდნენ. შესაბამისად, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით დებატების მნიშვნელობა, პარლამენტში ვართ და იქ ფაქტობრივად ყოველდღიური დებატების რეჟიმში ვართ „ოცნებასთან", ვიბრძვით მის წინააღმდეგ, ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივების გასატანად და სიმართლის მისატანად საზოგადოებამდე, რომელსაც აქამდე, სამწუხაროდ, მხოლოდ „ოცნების" მონოლოგი ესმის. ასე რომ, ჩვენთვის დებატები ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის ნაწილია.

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, რა თქმა უნდა, იმ დროს, როდესაც ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებების ასეთი შემზღუდავი კანონები, ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო აპატიმრებენ და არის უამრავი სხვა კანონდარღვევა, ამ ვითარებაში „ოცნების" მხრიდან ეს იქნება ერთგვარი ფარსი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ვერ გეტყვით, რომ ჩვენგან საბოლოო დასტურია, იქამდე, ვიდრე არ გვეცოდინება, რა ფორმატზეა საუბარი. დაველოდებით ფორმატს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან „ოცნება" ამას გამოიყენებს ისევ საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის. ერთია რეალობა, მაგრამ ამ რეალობას ჩვენ ვერ გავარღვევთ, თუ ადამიანებს, რომლებიც ჯერ არიან „ოცნების" პროპაგანდის გავლენის ქვეშ, სიმართლეს თუ არ მივუტანთ, რთული იქნება ამ რეალობის გარღვევა. ამიტომ, საბოლოო ჯამში, მიუხედავად მძიმე ვითარებისა, ჩვენ, დიდი ალბათობით, ალბათ მაინც დავეთანხმებით დებატებს, მაგრამ ველოდებით ფორმატის დეტალებს და ნიუანსებს. ამის შემდეგ ვიტყვით პასუხს", - განაცხადა შარაშიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართველ ხალხს არჩევანის სწორი ანალიზით გასაკეთებლად, საშუალება უნდა მიეცეს, საჯაროდ მოისმინოს ყველა ჯგუფის პოზიცია, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.

„ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ" აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ