01.02.2026 17:44
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოუწოდებს მედიას „თავი შეიკავოს უპასუხისმგებლო განცხადებებისგან".სტუ „ტვ პირველს" სტუდენტების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.კერძოდ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება „ტვ პირველის" მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სიუჟეტს, რომელზე თან ერთვის შემდეგი შინაარსის წარწერა: „სტუ-ს რექტორის დავით გურგენიძის უკან დგას პრორექტორი თამარ ლომინაძე, რომლის გვერდით დგანან სუსის აგენტები (წვერებში) სტუდენტების სამართავად და მათზე ზემოქმედების მოსახდენად".ამ მორიგ უპასუხისმგებლო განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივ სივრცეში შექმნილმა ვნებათაღელვამ მედიის მხრიდან არაერთი უპასუხისმგებლო და არაკორექტული ინტერპრეტაცია წარმოშვა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია გავრცელებული შეფასებები და ვიზუალური ნარატივები, მანამდე ვიდრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ოფიციალურ პოზიციას გააჟღერებს, რაც თავად უნივერსიტეტის შიდა კონსულტაციურ პროცესებზეა დამოკიდებული.ამ კონტექსტში, ტელეკომპანია „ტვ პირველის" მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული სიუჟეტი და მასზე დართული წარწერა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის უკან თითქოს დგანან პრორექტორი და „სუს-ის აგენტები სტუდენტების სამართავად და მათზე ზემოქმედების მოსახდენად", წარმოადგენს აშკარა ცილისწამებასა და პროფესიული ეთიკის უხეშ დარღვევას.მედიის დამოუკიდებლობა არ ნიშნავს დაუდასტურებელი ბრალდებების გავრცელებას, ვიზუალური მანიპულაციებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და კონკრეტული ინსტიტუციების, პირებისა თუ სოციალური ჯგუფების დისკრედიტაციას.მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული შეფასება ერთდროულად შეურაცხყოფს უნივერსიტეტს, მის აკადემიურ თვითმმართველობასა და სტუდენტებს, რომლებიც სიუჟეტში, ფაქტობრივად, წარმოდგენილნი არიან როგორც მართული, ზეწოლის ქვეშ მყოფი ან ძალადობრივი პროცესის მონაწილე სუბიექტები.განსაკუთრებით პრობლემურია სტუდენტების იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ისინი სხვა სტუდენტებზე ზემოქმედების ან „ბულინგის" ინსტრუმენტებად გამოიყენებიან. ასეთი ნარატივი ეწინააღმდეგება აკადემიური თავისუფლების, სტუდენტური თვითგამოხატვისა და უნივერსიტეტის როგორც დამოუკიდებელი საგანმანათლებლო სივრცის ფუნდამენტურ პრინციპებს.ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობა თავისთავად არ წარმოადგენს სამარცხვინო ფაქტს და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარლიყად ადამიანების ან ჯგუფების დისკრედიტაციისთვის. თუმცა სრულიად მიუღებელია, როდესაც უსაფრთხოების ინსტიტუცია და უნივერსიტეტი ერთ კონტექსტში წარმოჩენილია როგორც სადამსჯელო ან რეპრესიული მექანიზმი, ხოლო სტუდენტები, როგორც ამ მექანიზმის აქტიური შემსრულებლები. მსგავსი მიდგომა არის არა მხოლოდ კონკრეტული პირების, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და თავად სახელმწიფოს ავტორიტეტის შეურაცხყოფაც.საზოგადოებრივ დისკუსიაში პასუხისმგებლიანი მედიის როლი სწორედ ფაქტებზე დაფუძნებული, დაბალანსებული და ეთიკური გაშუქებაა. აღნიშნული მასალა არღვევს ჟურნალისტური ეთიკის ფუნდამენტურ პრინციპებს, კერძოდ: სიზუსტის, ფაქტების გადამოწმების, მიუკერძოებლობისა და ადამიანთა ღირსების პატივისცემის სტანდარტებს. მედიის დამოუკიდებლობა არ შეიძლება იქცეს საფუძვლად ცილისწამების, იარლიყების მიკერებისა და ინსტიტუციების დისკრედიტაციისთვის.ხაზგასმითაა აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური პოზიცია ჯერ არ გამოუქვეყნებია, რადგან მიმდინარეობს შიდა საკონსულტაციო პროცესი. ამ ფონზე მსგავსი შინაარსის მასალის გავრცელება კიდევ უფრო ზრდის დეზინფორმაციისა და საზოგადოებრივი პოლარიზაციის რისკს. მედიას მოვუწოდებთ თავი შეიკავონ მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებებისგან", - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი :