პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა 03.02.2026 18:08

 

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 82 ხმით 8-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებებს.

საკითხი განსახილველად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ წარადგინა და კანონმდებლებს კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი სიახლეები გააცნო.

მომხსენებლის განმარტებით, სრული ზოგადი განათლება გახდება არანაკლებ 11 და არაუმეტეს 12 წელი. დაწყებითი განათლება იქნება 6 წელი (I-VI კლასი), საბაზო - 3 წელი (VII- IX კლასები) და საშუალო - 2 წელი (X და XI კლასები). ასევე, ნებაყოფლობით ემატება ერთი წელი - XII კლასი.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია სკოლაში სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებით. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი იქნება 6 წელი, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება.

მომხსენებლის ინფორმაციით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება, რომლის ნიმუშსაც დაამტკიცებს სამინისტრო.

ზვიად გაბისონიას თქმით, გაუქმდება სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი, ვინაიდან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შექმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო სასკოლო სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი სკოლებისთვის მიწოდებას.

ცვლილებების თანახმად, მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელს,ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება დასაქმდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

აგრეთვე სამინისტრო დაამტკიცებს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) გამოყენების ზოგად წესს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ