04.02.2026 16:49
ტექნიკური მიმართულება თუ დარჩება გერად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ამას, რა თქმა უნდა, არაფერი ეშველება. გაერთიანების პირობებში ცალკე განსაკუთრებული, გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ტექნიკურ მიმართულებებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, ვინაიდან დღეს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში კადრების დიდი დეფიციტია.
„არავითარი ტექნიკური და ჰუმანიტარული უნივერსიტეტის გაერთიანება არ ხდება სინამდვილეში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკურ მიმართულებებს ეთმობა პროგრამების ნახევარზე ნაკლები. სტუდენტების ნახევარზე ნაკლები სწავლობს ტექნიკურ დისციპლინებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. შესაბამისად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც გაჩნდა მთელი ეს პრობლემები, ტექნიკური მიმართულება საკუთარ უნივერსიტეტში იქცა ერთგვარ გერად. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და ვიღაცას ამის გამოსწორება თუ არ უნდა, ეს არასწორია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტექნიკურ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. დღეს არის უზარმაზარი პრობლემები. გამოშვება რომ ნახოთ, მაგალითად, მშენებლობის, ინჟინერიის ან სხვა მიმართულებით, წელიწადში ხდება, მაგალითად, 300-400-500 სტუდენტის გამოშვება. ძალიან დიდი დეფიციტია. მოგეხსენებათ, მშენებლობით არის სახელმწიფო დაკავებული და არის მიმართულებები, სადაც ერთი ინჟინერი არ არსებობს ქვეყანაში, ერთი ინჟინერი არ არის კონკრეტული მიმართულებებით. როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორს აქვთ უზარმაზარი პრობლემები და გვეუბნებიან, რომ არ უნდა გამოსწორდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს და ტექნიკური მიმართულებები არათუ მიიჩქმალოს, პირიქით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ტექნიკური მიმართულება გავაძლიეროთ. დღეს ტექნიკური მიმართულებების წილი სტუდენტების რაოდენობაში შეიძლება იყოს დაახლოებით 10%. ამ დროს, განვითარებული ქვეყნები რომ ნახოთ, დაახლოებით მესამედია მათი წილი. ეს ხომ უნდა შეიცვალოს, უნდა გამოსწორდეს. ტექნიკური მიმართულება თუ დარჩება გერად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ამას, რა თქმა უნდა, არაფერი ეშველება. ჩვენ ვაპირებთ, რომ გაერთიანების პირობებში განსაკუთრებული, გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას. ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება ავტონომიის მაღალი ხარისხი და ეს უზრუნველყოფს, რომ გვეყოლება ბევრად მეტი, მაღალკვალიფიციური კადრი ტექნიკური მიმართულებით, ვიდრე გვყავდა მთელი ამ წლების განმავლობაში. ამას სჭირდება კარგად გააზრებული რეფორმა და ჩვენ გვაქვს გააზრებული რეფორმა, ოპონენტები კი ყოველგვარი არგუმენტების გარეშე გამოდიან", - განაცხადა პრემიერმა.
ავტორ(ებ)ი :