,,ჩემ მიერ მონახულებულ ყველა პირს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, შეზღუდული აქვს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია''- ლევან იოსელიანი 04.02.2026 19:22

 

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდადებულების მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ბრალდებულებისა და მსჯავრდადებულების უმრავლესობას გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვა აწუხებს.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა საზოგადოებისთვის განსაკუთრებით თვალსაჩინო ლევან ხაბეიშვილის საქმით გახდა, რის შემდეგაც სახალხო დამცველის აპარატი საკითხით უფრო სიღრმისეულად დაინტერესდა.

„დღეს ვიმყოფებოდი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ბრალდებულები და მსჯავრდადებულები მოვინახულე. შემიძლია გითხრათ, რომ მსჯავრდადებულების საპატიმროში ყოფნის პირობები შევამოწმე უშუალოდ საკნებში, მათ გავესაუბრე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მოპყრობაზე, ყველა იმ საკითხზე, რაც ზოგადად პატიმრისთვის მნიშვნელოვანია. მოვისმინე მათი წუხილებიც, მათი შენიშვნებიც აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველა მათგანისთვის სხვადასხვა საკითხებია, რომელიც მნიშვნელოვანია გადაწყდეს. მაგრამ მე გამოვყოფ ერთ საკითხს, რომელიც ფაქტობრივად ყველა მათგანს აწუხებს და არა მარტო ამ მსჯავრდადებულებზე და ბრალდებულებზეა საუბარი, კი მათზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს საკითხი აწუხებს ძალიან ბევრ ბრალდებულს. საუბარი არის გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, როდესაც გარე სამყაროსთან მათ აკრძალული აქვთ კომუნიკაცია, გარდა ადვოკატის და სახალხო დამცველის წარმომადგენლებისა და განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვან შვილებს, მათ არ აქვთ საშუალება, რომ კომუნიკაცია ჰქონდეთ თავიანთ ოჯახის წევრებთან",- განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, კომუნიკაციის შეზღუდვა ვრცელდება სუს-ის ყოფილ უფროსზე გრიგოლ ლილუაშვილსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზეც, ასევე „ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერზე ალეკო ელისაშვილზე.

„ეს საკითხი ჩვენ დავინახეთ ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში. გახსოვთ აქციაც კი მოაწყვეს მისმა ოჯახის წევრებმა და მე შეხვედრაც მქონდა ხაბეიშვილის წარმომადგენლებთან - დედასთან, მეუღლესთან. ამის შემდეგ დავინტერესდით ამ საკითხით და აღმოჩნდა, რომ ეს ბევრ ადამიანს აწუხებს. კონკრეტულად თქვენს მიერ ჩამოთვლილ ადამიანებზე თავს შევიკავებ საუბრისგან. მაგრამ ის, რომ ჩემ მიერ დღეს მონახულებულ ადამიანთაგან ძალიან, მათ უმრავლესობას. შეიძლება ეს საკითხი აწუხებს და მნიშვნელოვანია, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ.

დიახ, მათაც [ლილუაშვილს, ღარიბაშვილს] აქვთ [შეზღუდვები], ყველა ჩემს მიერ მონახულებულ ბრალდებულს ასეთი შეზღუდვა აქვს, არ ვსაუბრობ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც მსჯავრდადებული არის და მას ასეთი შეზღუდული ამ ეტაპზე არ აქვს, მაგრამ ბრალდებულებს ასეთი შეზღუდვა ყველას აქვს, მათ შორის იგივე შეზღუდვა აქვს ალეკო ელისაშვილსაც, რომელმაც, როცა შევხვდი მთხოვა ამ საკითხზე მიმექცია ყურადღება იმიტომ, რომ მასაც აწუხებს თავის არასრულწლოვან შვილებთან შეხვედრის საკითხი და ეს ის საკითხია, რაც მე ვფიქრობ, რომ უნდა გადაწყდეს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა „ტვ პირველთან" საუბრისას.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ