05.02.2026 14:49
სანქციებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს რუსეთის ეკონომიკაზე, – ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა განაცხადა.
„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, სანქციებს აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე. შესაძლოა, 2026 წლის განმავლობაში მივიდეთ იმ ეტაპამდე, როდესაც მთელი ეს პროცესი გახდება არამდგრადი, რადგან რუსეთის ეკონომიკის დიდი ნაწილი დეფორმირდა, სამოქალაქო ეკონომიკის ხარჯზე ომის ეკონომიკის შექმნით. ვფიქრობ, ეკონომიკური მიზიდულობის კანონების უგულებელყოფა მხოლოდ გარკვეულ ხანს შეიძლება გაგრძელდეს“, – განაცხადა ო-სალივანმა „გარდიანთან“ ინტერვიუში.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, არ აქვთ ვალდებულება, შეასრულონ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები.
ო’სალივანის თქმით, ბლოკმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია იარაღისთვის კრიტიკული პროდუქტების პირდაპირი რეექსპორტის აღკვეთაში ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთის, სერბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და, უფრო მცირე მასშტაბით, მალაიზიის მეშვეობით.
რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას, ო’სალივანმა აღნიშნა, რომ ეს არ არის მთავრობების მიერ ორგანიზებული, უმეტესად ხდება ეკონომიკური ოპერატორების მიერ, რომლებიც შესაძლებლობას ხედავენ და ფულს აკეთებენ.
ავტორ(ებ)ი :