05.02.2026 18:13
ჩვენ გვინდა, აღვუდგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ის მდგომარეობა, როგორც შეიქმნა თავის დროზე ეს უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა.
მისივე თქმით, ტექნიკური მიმართულება საკუთარ უნივერსიტეტში იქცა გერად და ეს უნდა შეიცვალოს.
„მარტივად შეგვიძლია, ავიღოთ სტატისტიკა, რა არის ტრადიციული ტექნიკური დარგები, დისციპლინები, რომლებიც თავის დროზე იყო წარმოდგენილი საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. მარტივად შეგიძლიათ ნახოთ, რომ 43% არის ტექნიკური მიმართულება, 57% - სამართალი, ეკონომიკა, აგრარული და სხვა დისციპლინები, რომელთაც არანაირი შემხებლობა არ აქვს იმ დისციპლინებთან, რომლებიც თავის დროზე ისწავლებოდა საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში.
ეს არის მარტივი სტატისტიკა. დღეს უკვე ტექნიკური მიმართულება საკუთარ ინსტიტუტში, საკუთარ უნივერსიტეტში იქცა გერად. ეს უნდა შეიცვალოს. თავის დროზე როგორც შეიქმნა ეს მიმართულება, იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასე ვთქვათ, ერთგვარი შვილი. შეიქმნა, როგორც ერთ-ერთი ფაკულტეტი. ეს მდგომარეობა უნდა აღდგეს. როგორც ჩაიფიქრა ეს ყველაფერი ივანე ჯავახიშვილმა, ისე უნდა აღდგეს. თავის დროზე არ დასცალდა მას უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვა, იცით, რომ ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა ჩაანაცვლეს ივანე ჯავახიშვილი რექტორის პოზიციაზე და ამის შემდეგ აირია ყველაფერი. ჩვენ გვინდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აღვუდგინოთ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც შეიქმნა ეს უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის მიერ", - განაცხადა პრემიერმა.
ავტორ(ებ)ი :