საქართველოზე იყო დიდი ზეწოლა რუსეთის მიმართ სანქციებისთვის, რასაც ვერ გავაკეთებდით, საკუთარი ხელით ვერ დავაზიანებდით ჩვენი მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს -ირაკლი კობახიძე 05.02.2026 19:00

თავის დროზე, საქართველოს მიმართ იყო ძალიან დიდი ზეწოლა, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაშიც კი ჩაიწერა ეს ყველაფერი. ჩვენგან პირდაპირ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციის მიმართ, მაშინ, როდესაც რუსეთს ვერავითარ ეკონომიკურ ზიანს ვერ მოუტანდა ასეთი თეორიული სანქციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დევიდ ო'სალივანის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს წილი რუსეთის ვაჭრობაში არის 0,3 პროცენტი, სანქციების დაწესება მათი მხრიდანაც გამოიწვევდა სანქციების დაწესებას და ამ შემთხვევაში ამას ექნებოდა სერიოზული ეკონომიკური ეფექტი.

„ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა იყო მოსალოდნელი ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში. წარმოიდგინეთ, ამას ითხოვდნენ ჩვენგან ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები და თავის დროზე ამერიკული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, რასაც ვერ გავაკეთებდით. ჩვენ საკუთარი ხელით ვერ დავაზიანებდით ჩვენი მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო'სალივანმა განაცხადა, რომ ქვეყნებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, არ აქვთ ვალდებულება, შეასრულონ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები. რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას, ო'სალივანმა აღნიშნა, რომ ეს არ არის მთავრობების მიერ ორგანიზებული, უმეტესად ხდება ეკონომიკური ოპერატორების მიერ, რომლებიც შესაძლებლობას ხედავენ და ფულს აკეთებენ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ