ზოგიერთ უცხოელს ჩვენი ქვეყნის აღიარება ხაჭაპურის აღიარება ჰგონია, ჩამოვა და იტყვის, ხაჭაპური და ცეკვა-სიმღერა კარგი გაქვთო, რაც შეეხება სახელმწიფოს, რასაც გეტყვით, ის უნდა გააკეთოთო -შალვა პაპუაშვილი 06.02.2026 16:42

ისტორიას გვიუქმებენ, თურმე ქართველები არაფერი ვართ, რომ არა ზოგიერთის იმედად ყოფნა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კონსტიტუციური წესრიგის არაღიარებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მეორე მოსმენისთვის კონკრეტული ფორმულირება იქნება, თუ რა ქმედება იქნება დასჯადი და რა გზით.

„არა, ეს კარგი ვიზუალიზაციაა, რომ თანამედროვე გამოწვევებიდან გამომდინარე, ადამიანებმა გაიაზრონ, რასთან გვაქვს საქმე. ჩვენი საზრუნავი და პრობლემა ის უცხოური ჯგუფები არიან, რომლებიც ამ ყველაფერს საქართველოში უკვეთავენ, მართავენ, აფინანსებენ და შემდეგ ასეთ ადამიანებს სტიპენდიებს უნიშნავენ. ამ ყველაფერს აკეთებენ, რათა ძირი გამოუთხარონ საქართველოს სახელმწიფიობრიობას. ჩვენ ეს დამოუკიდებლობა სისხლით იმისთვის არ მოგვიპოვებია, რომ ახლა ბერლინში თუ თბილისში ჯდომით და სტიპენდიის აღებით, გახარიას და ზურაბიშვილს ვგულისხმობ, აქ ვიღაც გადამთიელმა სახელმწიფოებრიოს ძირი უთხაროს. სამიზნეა უცხოური გავლენის აღკვეთა, რომელიც ადგილზე ხდება ადამიანების გამოყენებით და მათი ინსტრუმენტალიზაცია. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლიდან გამოსვლას არ აპირებდა, ბოლოს, დათმო და გამოვიდა. მან თქვა, რომ თავისი ლეგიტიმაცია თან მიჰქონდა, თავისი შტანდარტიც წაიღო და მას ამ შტანდარტით დღესაც ვხედავთ, რომ ფიგურირებს. შეგიძლიათ, ვიდეო/ფოტო არქივი ნახოთ. ამ განცხადების შემდეგ მასთან მიდიოდნენ საქართველოში აკრედიტებული უცხოელი ელჩები, ვისთან ერთადაც პოზირებდა ზუსტად პრეზიდენტის შტანდარდით. შეხვედრებზე წინ პრეზიდენტის შტანდარტი ედგა, მას წინ ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ელჩები ედგა. ის ამით აუქმებდა არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტს და საკუთარ პრეზიდენტობას იბრალებდა. 4 ოქტომბრის შემდეგ ელჩებს მივმართე და ეს საკითხი შევახსენე, რომ სალომე ზურაბიშვილი ვიღაცის თვალში იმის ჩვენებას ცდილობდა, რომ ის არის პრეზიდენტი და არა - სხვა. სხვათა შორის, ის პროცესები ამან მიიყვანა იმ ძალადობამდე, რაც პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმით ვნახეთ.

4 ოქტომბერში თავისი წვლილი მიუძღვით მათ, ვინც ირიბად ახალისებდა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტის შტანდარტით პოზირებას. მას შემდეგ არცერთი შეხვედრა აღარ ყოფილა უცხოელი დიპლომატის ექსპრეზიდენტთან, მით უმეტეს, შტანდარტის თანდასწრებით. ეს კარგია, რადგან, როგორც ჩანს, გააცნობიერეს, თუ რა შარში აღმოჩნდნენ საკუთარი ქცევით. ეს ცვლილებები მიემართება უცხოური ჩარევისკენ, თორემ ეს უსამშობლო ჯგუფები რისი გამკეთებლები არიან? ამას აკეთებენ, რომ იქ ესტონელ დეპუტატს, ჟიგიმანტასს, რასა იუკნევიჩიანეს დაანახვონ, რომ ჩვენ, როგორც თქვენ გინდათ, არ ვაღიარებთ, კანონი და სახელმწიფო არ არსებობს, ყველაფერი გავაუქმეთო. ისტორიას გვიუქმებენ, თურმე ქართველები არაფერი ვართ, რომ არა ზოგიერთის იმედად ყოფნა. საკითხი მარტივია, ვინც საქართველოს სახელმწიფოს არ აღიარებს, ეს ყველაფერი მას მიემართება. ვინც არ აღიარებს კონსტიტუციურ წესრიგს, კონსტიტუციურ ორგანოებს და კანონს, სახელმწიფოს არ აღიარებს. ეს დებულება პირველი მოსმენით მიღებულია. რაც შეეხება კონსტიტუციური წესრიგის არაღიარებას, მეორე მოსმენისთვის კონკრეტული ფორმულირება იქნება - თუ რა კონკრეტული ქმედებაა დასჯადი და რა სანქცია იქნება გათვალისწინებული. საუბარი არ არის მიხეილ ყაველაშვილზე, კონკრეტულ ადამიანებზე, საუბარია საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე, მისი კონსტიტუციური ორგანოების აღიარებაზე. ზოგიერთ უცხოელს ჩვენი ქვეყნის აღიარება ხაჭაპურის აღიარება ჰგონია, ჩამოვა და იტყვის, ხაჭაპური კარგია და ცეკვა-სიმღერა გაქვთ კარგიო. ამას საბჭოთა კავშირის დროს გვეუბნებოდნენ, როცა სახელმწიფოს არ გვიღიარებდნენ. ზოგი უცხოელი ასეა, კარგი ხაჭაპური, კარგი ღვინო გაქვთ, დანარჩენი მორჩაო. რაც შეეხება სახელმწიფოს, რასაც გეტყვით, ის უნდა გააკეთოთო. მათ უნდა წავართვათ იარაღი, დაფინანსება ცალკე კანონია და ცვლილებები გვაქვს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ