06.02.2026 16:57
გერმანიაში კონკრეტული ჯგუფის საქმიანობა იკრძალება, რომლის დემოკრატიულობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არის. კონკრეტული ჯგუფის ხელმძღვანელის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოში მსგავსი ქმედებებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა დაწესდეს, რათა სუვერენიტეტი იყოს უზრუნველყოფილი და გარედან ჩარევები მინიმუმამდე დავიდეს.
„მნიშვნელოვანია, მსგავსი ცვლილებები ქართულ საკანონმდებლო სივრცეშიც აისახოს, რომელიც უკვე პარლამენტის მიერ პირველი მოსმენის ფარგლებში, პრინციპების დონეზე მიღებულია. მეორე მოსმენის ფარგლებში ნორმის ფორმულირება იქნება მსჯელობის საგანი. მოლოდინი გვაქვს, საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს იმ ცვლილებებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში გარე ჩარევების პრევენციისთვის. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის აქტუალური საერთოდ აღარ არის. ეს ის ადამიანია, რომელიც მისმა გარეპატრონებმა სცადეს, ქვეყანაში, როგორც დაპირისპირების ერთ-ერთი საშუალება, ისე გამოეყენებინათ. ეს ადამიანი 4 ოქტომბერს იდგა და ელოდებოდა, როდის აიღებდნენ პრეზიდენტის შენობას და თავისი „ლეგიტიმაციით" უკან დაბრუნდებოდა. არარელევანტურია სალომე ზურაბიშვილი, ერთი გაჭრილი კარტია, რომელიც კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთ შემადგენელ, მაგრამ არცთუ ისე მნიშვნელოვან ჭანჭიკად არის გადაქცეული. კანონმდებლობა ზუსტად იმ ფორმით უნდა იყოს, როგორც გერმანიაშია. ასევე, იმავე კუთხით იყოს ზღვარი გავლებული პერფორმანსს და დანაშაულს შორის", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ავტორ(ებ)ი :