07.02.2026 18:59
თსუ-ის რექტორი ჯაბა სამუშია მის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან თანამდებობა დატოვა.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის ინტერპრეტაცია.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია თსუ-ის რექტორის, ჯაბა სამუშიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ.
მანამდე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, თამარ ბელქანიამ განაცხადა, რომ თსუ-ის რექტორი აპირებს, ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შემთხვევაში, თანამდებობიდან გადადგეს.
როგორც ბელქანია „ფეისბუქზე" წერს, თსუ-ის რექტორმა ამის შესახებ გუშინ, მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს თსუ-ს ვიცე რექტორი კახა ჭეიშვილი.
,,საიდან გავრცელდა ეგ ინფორმაცია არ ვიცი, რაღაც ძალიან დიდი გაუგებრობა არის.
მე როგორც ვნახე სააგენტოებში, ადამიანი რომელიც საერთოდ არ ესწრებოდა შეხვედრას, ის ადამიანი ამბობს ასეთ რაღაცებს.
მე მგონი რომ ძალიან დიდი გაუგებრობაა და ამ ფაქტს არ გიდასტურებთ.
რექტორი ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას, ჩვენც მისი მოადგილეები ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას.
უნივერსიტეტში ჩვეულებრივ გრძელდება ყველაფერი.
ბატონმა ჯაბამ შეხვედრაზე თქვა ასეთი რაღაც - თუ საჭირო იქნება, ან თუ რაღაც ხელის შემშლელი ფაქტორები იქნება, იმ შემთხვევაში რა თქმა უნდა, მეც არ შევუშლი რეფორმის განხორციელებას ხელს და ამ შემთხვევაში მივიღებ ჩემს გადაწყვეტილებასო. კიდევ ერთხელ კატეგორიულად უარვყოფ ამ ფაქტს“, - გვითხრა კახა ჭეიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :