მარკო რუბიოსგან ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, მზად ვართ, ურთიერთობები განვაახლოთ და ამის მოლოდინიც არის -კახა კალაძე 09.02.2026 14:33

ახალი პრეზიდენტის და ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, აშშ-თან ურთიერთობები ახალი ფურცლით დაიწყოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე მარკო რუბიოსა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს შორის საუბარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუბიოს გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი აშშ-თან მიმართებით და პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებისთანავე გამოთქვა მზადყოფნა ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ მზად ვართ, ურთიერთობები განვაახლოთ, დავიწყოთ ახალი ფურცლით, მოვახდინოთ გადატვირთვა. საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფრისთვის მზად არის და მივესალმებით ამ დამოკიდებულებას, რაზეც იყო საუბარი. მოლოდინიც, რა თქმა უნდა, არის.

საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი და ვამბობთ, რომ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც იყო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი გახლავთ მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. ვართ პატარა ქვეყანა, მაგრამ პატივი უნდა სცენ ჩვენს წარსულს, კულტურას, ტრადიციებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ამასთან ვთქვით, რომ ახალი პრეზიდენტის და ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ურთიერთობები ახალი ფურცლით დაიწყოს.

კატეგორიულად მიუღებელი იყო ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას - მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, არასამართლიანი დამოკიდებულება, სიცრუე, თუნდაც იგივე სანქციებთან დაკავშირებით, არანაირი არგუმენტი და განმარტება", - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ ასევე არ გამორიცხა, რომ ურთიერთობების გადატვირთვას კიდევ დასჭირდეს დრო.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან ძალიან თბილი შეხვედრა ჰქონდა. როგორც ყაველაშვილმა მილანში სამუშაო ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოსთან საუბრისას ხაზი გაესვა საერთო ღირებულებებს. ყაველაშვილის თქმით, ჯეი დი ვენსის მხრიდან გაჟღერებული იყო, რომ ისინი ფლობენ ინფორმაციას და აუცილებლად მოხდება უფრო მჭიდრო ურთიერთობების განახლება. ამასთან, როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, შეხვედრისას მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ტექნიკურ ჯგუფსაც მოამზადებენ, რათა ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება იყოს შესაძლებელი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ