10.02.2026 17:21
ჩემთვის დიდი პატივია ამ ძალიან ღირსეულ ადამიანებთან ერთად ამ გაუგებრობაში მოხვედრა. ყველასთვის გასაგებია, რისთვის ვარ ციხეში. იმისთვის ვარ, რომ თავის დროზე თბილისი არ ჩავაბარე, არ გავიქეცი, არ დავტოვე და არ ვისარგებლე შეთავაზებით. იმისთვის, რომ ჩემს მეგობრებთან, თანამოაზრეებთან, ხალხთან ერთად სახელმწიფო შევქმენით, რომ უკრაინის მოქალაქე ვარ და უკრაინისთვისაც ასევე ძალიან ბევრი გავაკეთე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო პროცესზე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელია.
„ჩვენ შეიძლება, ვერ ვთანხმდებით წარსულის მოვლენების ერთიან შეფასებაში, მაგრამ შეუძლებელია, არ ვთანხმდებოდეთ მომავალზე. ჩვენი უთანხმოებები პატარაა დიდ გამოწვევებთან შედარებით და სწორედ ასეთი ერთიანობით გავალთ სამშვიდობოს. ეს რეჟიმი საზრდოობს ჩვენი შიშით. როგორც რუსეთში ამბობენ, შეეგუეთ ამ რეალობასო, ასე არიან ესენიც, მიიღე არსებული რეალობა, დაგვემორჩილე, შეეგუეთ მონობას, შეეგუეთ უბედურებას. ჩვენი პასუხი არის მარტივი, არაფერსაც არ შევეგუებით, არაფერსაც არ მივიღებთ, არაფერს შევუშინდებით, რადგან თქვენ საზრდოობთ ჩვენი შიშით.
საავადმყოფოში როცა სიკვდილის პირას ვიყავი, იმდენად მძიმე მდგომარეობა მქონდა, პროცესებს პრაქტიკულად ჩამოვშორდი და მაშინ პარტია გაიხლიჩა. მაშინ მივხვდი, არ შეიძლება გაჩერება, არ შეიძლება უკან დახევა. ჩვენ არ ვაღიარებთ, არ შევეგუებით და გავიმარჯვებთ. ძალიან მარტივია სიტუაცია. ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს, ყველას გაერთიანება არის გარდაუვალი ამ დიდ ბრძოლაში. მანამდე, უნდა ვილაპარაკოთ. მიხარია, რომ ჩემი მეგობრები კარგ მენტალურ ფორმაში არიან, ყველამ ვნახეთ ეს შოუ, რაც აქ იმართება. მართალი გითხრათ გარკვეული სიამოვნებაც მივიღე. მადლობა ამისთვის, რომ ასეთი რამე მაყურებინეთ და მომასმენინეთ, საკანში ამას ვერ ვნახავდი.
მე მიმატებენ სამ წელს, 16 წელი უნდა მქონდეს მისჯილი, იმაზე მეტი, ვიდრე პედოფილებს, სერიულ მკვლელებს უსჯიან. ვერასდროს ვერ უნდა ვნახო ჩემი შვილები, ვერასდროს არ უნდა გავიარო სუფთა ჰაერზე.
ამ ჩემი უბედურების მიზეზები არის ჩემს ბავშვობაში. საბავშვო ბაღში, საბურთალოზე, 4 წლის ასაკში, ფეხის თითზე მიკბინა ზვიგენმა და მას შემდეგ ვერ ვიტან ამ ზღვის ცხოველს. პროკურორმაც უნდა გაითვალისწინოს ეს. ამ თემაზე სიზმარიც დამესიზმრა. სოლოლაკის აღმართს მივუყვებოდით, შევაღეთ კარი, დავიჭირეთ საცოდავი ზვიგენი, დავკალით საბრალო, ძალიან იკლაკნებოდა, მაგრამ დავკალით, შემდეგ ტყეში გადავედით და იქ იყო აფრიკიდან ჩამოტანილი ბაობაბები, მოვჭერით, კოცონი დავანთეთ და ზვიგენი ზედ შევწვით, მთელი სოლოლაკის მოსახლეობა უყურებდა ამ ფაქტს.
მეგობრებო, ახლა ხვდებით რა იდიოტიზმში და აბსურდში ვცხოვრობთ. ამის მეტი რაღა არის საერთოდ? უნდა ვერთიანდებოდეთ არა მხოლოდ სასამართლო დარბაზში, არამედ ჩვენს მოედნებზე, ჩვენს ქუჩებში, აუდიტორიებში, ერთობლივ ღონისძიებებში. ჯერ ქვეყანა და მერე საკუთარი თავი და რომელიმე პარტია, ჯერ ქვეყანა და მერე ამბიციები, ჯერ ქვეყანა და მისი გადარჩება და მერე ძველი წყენები და კინკლაობა. არჩევანი სრულიად ნათელია, საქართველო აუცილებლად გადარჩება. რამხელა კედელიც არ უნდა აგვიშენოს დიქტატურამ, მაინც გავალთ სამშვიდობოზე, მაინც გავალთ სწრაფი განვითარების გზაზე. ყველაფერი გამოგვივა. ახლა დაგტოვებთ კალათბურთი მაქვს სათამაშო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :