11.02.2026 23:04
ჩვენ ვიცით ჩვენი გზა - ეს არის ყველაზე მთავარი. უნდა გამოვიდეთ იმ სპირალიდან, რომელიც ათწლეულები მოსდევდა საქართველოს და გამოვედით ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის დაკვეთით ამ სპირალიდან, როდესაც საქართველო შესციცინებდა თვალებში ნებისმიერ მის პარტნიორს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში "ღამის კურიერში".
მისი თქმით, ხელისუფლების მკაფიოდ გაცხადებული გეზი გულისხმობს საქართველოს საუკეთესო ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას და აქედან გამომდინარე ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან მხოლოდ თანასწორ საწყისებზე.
კირცხალიას განმარტებით, სამშვიდობო, პრაგმატული პოლიტიკა არის ყველანაირი კეთილდღეობის საწინდარი, ვინაიდან, სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი ეკონომიკური მდგრადობის მიღწევა, რაც, თავის მხრივ, აუცილებელია სახელმწიფოს სუვერენიტეტის და გეოპოლიტიკური პოზიციების განმტკიცებისთვის.
"ჩვენ დავდექით ძალიან მკაფიოდ გაცხადებულ გზაზე და გეზზე - ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები უპირველეს ყოვლისა და აქედან გამომდინარე ურთიერთობები და პარტნიორობა, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობა, ნებისმიერი კუთხით, ეკონომიკური, უსაფრთხოების თუ ა.შ. - მხოლოდ პარიტეტულ საწყისებზე. ამას ყველგან ვიმეორებთ და ყოველთვის გავიმეორებთ. დამერწმუნეთ, ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი, აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლებიდან, ნებისმიერ ვიზიტში, ამ პათოსით, საზოგადოების მხრიდან ამ დაკვეთით დავდივართ. ჩვენ გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული ჩვენი გზა, შიდა პოლიტიკური საქმეები, საგარეო ხედვა და ეს ემყარება ერთ ყველაზე მთავარ პრინციპს - სამშვიდობო პოლიტიკა. სამშვიდობო პოლიტიკა არის ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც საწინდარია ყველა კეთილდღეობისა, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტის გამყარების. როდესაც ნებისმიერ კავშირზე, ნებისმიერ მეგობარზე ვსაუბრობთ, კარგად უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ მთავარი ფორმულა მსოფლიოში არის ის, რომ ქვეყანა, რომელსაც სურს, იაროს თავაწეულმა, იყოს რომელიმე კავშირის წევრი და ღირსეულად არსებობდეს გეოპოლიტიკურად და იღვაწოს საგარეო პოლიტიკაში, ის ქვეყანა უნდა იყოს ეკონომიკურად მდგრადი. ეკონომიკური მდგრადობა მოაქვს იმ პრაგმატულ და სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ჩვენ დაგვიკვეთა ქართულმა საზოგადოებამ", - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ავტორ(ებ)ი :