ირაკლი კობახიძე: ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპთან დაკავშირებით, ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება 14.02.2026 20:46

რაც შეეხება ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპს - ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოში თსუ იყო ერთადერთი უნივერსიტეტი, 90-იან წლებამდე, ამის მიღმა იყო სამედიცინო, პედაგოგიური და პოლიტექნიკური ინსტიტუტები, ეს სისტემა მოიშალა 90-იან წლებში და ამას მოჰყვა სერიოზული პრობლემები. "რაც შეეხება ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპს - ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება. მწირ რესურსებში იგულისხმება მათ შორის, მწირი ადამიანური რესურსები. ძალიან ბევრი მიმართულებით ჩვენ გვყავს ღვაწლმოსილი ადამიანი, რომელიც აკადემიურ სფეროში მოღვაწეობს, მაგრამ, მთლიანობაში, ჩვენ გვაქვს მწირი რესურსი. მაგალითად, რომ ავიღოთ ისეთი ქვეყნების რესურსი, როგორებიცაა ნიდერლანდები, გერმანია, ავსტრია და ა.შ. შედარება არ არის, იმდენად სუსტია ჩვენი რესურსი აკადემიურ სფეროში. ამიტომ, მთავარი ამოცანაა, რომ ის მწირი რესურსი, რომელიც გვაქვს, მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ.   გერმანიაში მოქმედებს ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტის პრინციპი. იმიტომ, რომ ისინიც ცდილობენ არსებული რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას. ერთადერთი ქალაქია ბერლინი, სადაც მოქმედებს ორი უნივერსიტეტი, ისიც ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე. იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანია, შესაბამისად, ორი უნივერსიტეტი შემორჩა ქალაქს. ყველა სხვა ქალაქში არის ერთი უნივერსიტეტი. იმიტომ, რომ საჭიროა რესურსების ოპტიმალური გამოყენება.  საქართველოში იყო ასეთი სისტემა - იყო ერთი უნივერსიტეტი. თსუ იყო არა მარტო დედა უნივერსიტეტი, იყო ერთადერთი უნივერსიტეტი, 90-იან წლებამდე. ამის მიღმა იყო ინსტიტუტები, სამედიცინო ინსტიტუტი, პედაგოგიური ინსტიტუტი, პოლიტექნიკური ინსტიტუტი და ა.შ. ეს სისტემა მოიშალა 90-იან წლებში და ამას მოჰყვა სერიოზული პრობლემები. ჩვენ გვინდა, მეტ-ნაკლებად აღვადგინოთ ის მოცემულობა, რაც განაპირობებს მწირი რესურსების ოპტიმალურად გამოყენებას", - განაცხადა პრემიერმა. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ