16.02.2026 19:01
საქართველოში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ვიზიტი იგეგმება. ამის შესახებ სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იურაი ბლანარის თქმით, მოხარულია, რომ სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მყარდება.
„მინდა, განვაცხადო, რომ საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ძალიან კარგი ურთიერთობებია. არავითარი პრობლემა არ არსებობს. პარლამენტის თავმჯდომარეც საქართველოს უახლოეს პერიოდში ესტუმრება. ამასთან, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები მყარდება ახალი საკონსულოების გახსნით, მაგალითად, საკონსულო გაიხსნა ქუთაისში. ურთიერთობების გაუმჯობესება ხდება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლითაც, რომელიც დაინიშნა ბრატისლავიდან ქუთაისამდე და პირიქით. საქართველო ძალიან მიმზიდველია ტურისტული კუთხითაც. მინდა, ხაზგასმით განვაცხადო, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკა სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. თქვენი ქვეყნის ერთიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას ვაცხადებთ, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყანა დაარღვევს ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა იურაი ბლანარმა.
სლოვაკეთმა გახსნა საკითხი, რომ საქართველო იყოს თავმჯდომარე ქვეყანა ეუთო-ში
„ჩვენ გავხსენით საკითხი, რომ საქართველო იყოს თავმჯდომარე ქვეყანა ეუთო-ში. საქართველოს შეუძლია, დიდი წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების საკითხში და ამიტომ მივესალმებით საქართველოს კანდიდატურას. სიაში ასევე არის შეყვანილი კვიპროსის კანდიდატურაც. საქართველოს კანდიდატურა კომპრომისული ვარიანტია, რომელიც სასარგებლო იქნება, კომპრომისული ვარიანტი იქნება", - განაცხადა განაცხადა იურაი ბლანარმა.
ავტორ(ებ)ი :