20.02.2026 17:22
პოზიტიურია ის, რომ ოჯახები საკუთარ შემოსავლებს ზრდიან, თუმცა, ამავდროულად, ასეთი ოჯახები და ასეთი პირები შემწეობის მიმღებები აღარ უნდა იყვნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სოციალური შემწეობის მიმღებთა სიის გადახედვა ჩვეულებრივი პროცესია და რაღაც ქვედინებების მოძებნა ტყუილი გარჯაა.
„სტატუსკვო, რომელიც კოვიდპანდემიის პირობებში არსებობდა სოციალურ დახმარებასთან მიმართებით, შენარჩუნებული იყო. ცხადია, მისი გადახედვა პანდემიისას, როდესაც მთელი მსოფლიო შეჩერებული იყო, ვერ მოხდებოდა. თუმცა დღეს არსებობს კონკრეტული ფაქტები, როდესაც ცალკეული ოჯახები ამ ბაზაში დაფიქსირებული არიან და, მინისტრის თქმით, დიდი პროცენტი შემწეობას არ იღებს, თუმცა სხვა ბენეფიტებით სარგებლობენ. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ეს უნდა გადაიხედოს და დავიდეს იმ ლოგიკურ და სამართლიან რაოდენობამდე, ვისაც რეალურად სჭირდება სოციალური შემწეობა. ეს ჩვეულებრივი პროცესია და ამიტომ რაღაც ქვედინებების მოძებნა და ბნელ ოთახში შავი კატების ძებნა ალბათ ტყუილი გარჯაა. ლოგიკურია, როდესაც დროთა განმავლობაში იმ ნუსხის გადახედვა ხდება, სადაც შემწეობის მიმღები პირები თუ ოჯახებია გათვალისწინებული. მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურია ის, რომ ოჯახები საკუთარ შემოსავლებს ზრდიან. თუმცა, ამავდროულად, ასეთი ოჯახები და ასეთი პირები შემწეობის მიმღებები აღარ უნდა იყვნენ. ამიტომაც დროთა განმავლობაში სახელმწიფო ამ პროცესში ჩართული იქნება.
ჯანდაცვის მინისტრმა კიდეც თქვა, რომ ეს არ არის მყისიერი პროცესი და ერთ დღეში დასრულებადი, მას დრო სჭირდება. ამ ნუსხის სრულიად გამოკვლევა მოხდება და შემწეობას ის ადამიანები მიიღებენ, რომლებსაც ეს სჭირდებათ. ვისაც ეს არ სჭირდება და ამ ნუსხაში ჩარჩენილები არიან, მათ ვუსურვებთ, რომ უფრო მეტი შეემატოთ თავიანთი ოჯახებისთვის. თუ ის დრო დადგება, როდესაც განულდება ეს სია, ჩვენზე ბედნიერი არავინ იქნება.
პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას თავისი პოლიტიკური საქმიანობის ორი უმნიშვნელოვანესი მიზანი უთხრა - ნული პროცენტი სიღარიბე და ნული პროცენტი ოკუპირებული ტერიტორიები. „ქართული ოცნების" ხელისუფლება ამ მიმართულებით მიდის. 2012 წლიდან დღემდე კარდინალურად შემცირებულია ამ ადამიანთა რიცხვი. გაგრძელდება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და აღმავლობა, რასაც ეფექტი ექნება ნუსხაში მყოფ ადამიანებზე. ყველას ხელშესახებ ეკონომიკურ წარმატებას ვუსურვებ, რომ ამ ნუსხაში ყოფნის სურვილი მართლაც არავის აღარ გაუჩნდეს", - განაცხადა მათიკაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს. უწყების ხელმძღვანელმა, მიხეილ სარჯველაძე აღნიშნა, რომ ბაზაში დღემდე არიან ადამიანები და ოჯახები, რომელთაც სოციალური დახმარების აუცილებლობა აღარ აქვთ.
ავტორ(ებ)ი :