25.02.2026 23:09
"ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით ჩვენ ცნობა შარშან მივიღეთ, დიდი ხნის წინ და ამ დრომდე ის არ ჩამოსულა საქართველოში. რთული სათქმელია როდის მოხდება ეს, - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში უკრაინის ელჩის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, "ღამის კურიერის" ეთერში დასმულ კითხვას.
ბოჭორიშვილის თქმით, უკრაინაზე საუბრისას, რთული სათქმელია როგორ განვითარდება საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, თუმცა მოლოდინი აქვთ, რომ მოხდეს უკრაინული მხარის იმის აღიარება, რომ საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული პოლიტიკურად უკრაინის გვერდში დგომისთვის.
"ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით ჩვენ ცნობა შარშან მივიღეთ, დიდი ხნის წინ და ამ დრომდე ის არ ჩამოსულა საქართველოში. რთული სათქმელია როდის მოხდება ეს. ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ რთულ ვითარებაშია საქართველოსადმი უკრაინის დამოკიდებულება. აქაც, რა სუბიექტური დამოკიდებულებები არსებობს საქართველოსთან მიმართებაში, ერთგვარად ცინიზმიც არის, როდესაც პროპაგანდაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც რამხელა პროპაგანდისტული კამპანიები ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ მასიური პროპაგანდის მსხვერპლი ვართ ერთგვარად. ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ საქართველოს დააბრალეს ყველაფერი, მაქსიმალურად გააშავეს ჩვენი ქვეყანა სწორედ მედია საშუალებების, მათ შორის, საერთაშორისო მედიების დახმარებით. რა აღარ დააბრალეს, მათ შორის, "კამიტის" ისტორია. აქედან გამომდინარე, უკრაინაზე როდესაც ვსაუბრობთ, ალბათ, რთული სათქმელია როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები. ბევრი რამ იქნება გამოსასწორებელი, პირველ რიგში, ალბათ, ერთგვარად, მოველით, რომ მოხდეს უკრაინული მხარის მიერ აღიარება და გაცნობიერება, რომ ჩვენს ქვეყანას ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ყოფილიყო უკრაინის გვერდით პოლიტიკურად, ყოფილიყო უკრაინის გვერდით, როდესაც ვსაუბრობდით ჰუმანიტარულ დახმარებაზე და ვსაუბრობდით ადამიანების დახმარებაზე, რომელთაც შეეხოთ ომი. ამ პირობებში, ის კრიტიკა თუ წნეხი, რაც საქართველოზე მოდიოდა, მათ შორის, უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან, სრულიად უსამართლო და გაუმართლებელი იყო", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :