03.03.2026 16:37
პარტია „ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ქართული ოპოზიციური პარტიების მორიგ გაერთიანებას. ანალიტიკოსი წერს, რომ ოპოზიციას, როგორც ყოველთვის, არ აქვს განვითარების კონკრეტული გეგმა.
მისი სიტყვებით, დროებითი გაერთიანება ინსპირირებულია ირანში მიმდინარე მოვლენებით და არა ცხადი გეგმით, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს საქართველო:
„მეექვსე ალიანსი გააჩინა არა „გარდაუვალი" ინფლაციის მოლოდინმა, არა „უეჭველი" უმუშევრობის ანალიზმა და არა ინდუსტრიულმა სტრატეგიამ, არამედ განცდამ, რომ იქ, სადაც აიათოლებს კლავენ, სადაც „მსოფლიოში რაღაც ხდება", ჩვენი ჟამიც მოდის, დროა ჩვენც გავერთიანდეთ" - წერს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ მსგავსი გაერთიანება უკვე ხუთჯერ ვნახეთ და ეს, მეექვსეც, ძალიან მალე დაიშლება. ქართველიშვილი წერს, რომ გახარიას პარტია - „გერმანიისთვის" ოპოზიციურ გაერთიანებას არ შეერთებია.
„ქართული რადიკალური „ოპოზიცია", ალბათ, მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკური კონსტრუქციაა, რომელიც ყოველ გაერთიანებას, გარდაუვალი დაშლის მკაფიოდ გაწერილი გრაფიკით ახერხებს. უკანასკნელ ექვს წელიწადში აქამდე ხუთჯერ გაერთიანდნენ და ხუთჯერ დაიშალნენ. მეექვსე მცდელობა უკვე ჰგავს საიუბილეო საგასტროლო ტურნეს იმ ჯგუფისა, რომელიც ყოველ გასვლით ტურს „ბოლო კონცერტად" აცხადებს. პროგრამაში რა აქვთ? ეკონომიკა? სოციალური პოლიტიკა? რად უნდათ ასეთი წვრილმანები, როცა არსებობს აპრობირებული ჟანრი, „სასწრაფოდ გადავარჩინოთ დემოკრატია" და ევრობიუროკრატიულ "ტიტანიკზე" ბილეთების შესაძენად სალაროსთან რიგში დგებიან.
200-გვერდიანი დოკუმენტი თავისი ციფრებით, საბიუჯეტო გათვლებითა და საგადასახადო რეფორმებით მათთვის რთულია, სამსიტყვიანი ლოზუნგი კი - მარტივი. განსაკუთრებული ელფერი აქვს მუდმივ ინსპირაციას საზღვარგარეთიდან. ოღონდ საქართველო არ იყოს დღის წესრიგში, დღეს ბანგლადეში, ხვალ ნეპალი, ზეგ შრი-ლანკა, ხან ვენესუელა, დღეიდან ირანი, იმის მიხედვით, სად უფრო "მეტად ქუხს". საქართველო მათ პერიოდულ ხანმოკლე "reunion"-ებში ცალკე კატეგორიად არც განიხილება: რატომ უნდა შეიქმნას ქართული სცენარი, თუ შეიძლება უცხოურის გადმოწერა, მით უმეტეს დამანგრეველი რევოლუციური, სასურველია კატასტროფული დრამატურგიით.
ევრობიუროკრატიული "ტიტანიკით" გეზი დასავლურ "აისბერგთან" შეჯახებამდე, ეს ხომ ცალკე სიმღერაა. ეს გეზი უკვე ჩაწერილია კონსტიტუციაში, სწორედ იმ კენჭისყრით, რომელშიც დღევანდელი მორალისტები მონაწილეობას არ იღებდნენ. თუმცა ეს მათ არ უშლის ხელს, ყოველდღიურად გაიმეორონ თავისი "წინასაევთანაზიო" პრო-დასავლური მანტრა. და ფინალური აკორდი, თითქმის მისტიკური. სადღაც თეირანში იცვლება ეპოქა, თბილისში ერთ ოთახში შეკრებილი ვიპ-აკაცუკები მოუთმენლად ელიან აიათოლა ხამენეის განადგურებას, რათა ერთმანეთი კვლავ "შეიყვარონ" და "გაერთიანდნენ". და აი ისიც, ეს აუცილებელი კატალიზატორი, და მათში მოულოდნელად იღვიძებს კოალიციური ენერგია!
როგორც ჩანს, მათი შიდა პოლიტიკური ბარომეტრი ამჟამად ახლო აღმოსავლეთის დროზე მუშაობს. ვერც "მადუროს ეფექტმა" გამოაცოცხლა, ეს აიათოლას სიკვდილმა შეძლო. მეექვსე ალიანსი გააჩინა არა "გარდაუვალი" ინფლაციის მოლოდინმა, არა "უეჭველი" უმუშევრობის ანალიზმა და არა ინდუსტრიულმა სტრატეგიამ, არამედ განცდამ, რომ იქ, სადაც აიათოლებს კლავენ, სადაც „მსოფლიოში რაღაც ხდება", ჩვენი ჟამიც მოდის, დროა ჩვენც გავერთიანდეთ. თუმცა ამ პროცედურას ერთი სტაბილურობა მაინც მოჰყვება: ისინი იმაზე უფრო სწრაფად იშლებიან, ვიდრე ხსნიან, თუ რის გაკეთებას აპირებენ ჰიპოთეტური გამარჯვების მეორე დღეს. და ეს, ალბათ, ერთადერთი ნამდვილად მდგრადი მაჩვენებელია ბოლო ექვსი წლის განმავლობაში.
P.S.: პარტია „გახარია გერმანიისთვის" ამ ეტაპზე მათ არ უერთდება..." - წერს დავით ქართველიშვილი.
ავტორ(ებ)ი :