,,ვისაუბრეთ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე'' -ნიკოლოზ სამხარაძე 03.03.2026 23:42

 

ახლახან დასრულდა ჩემი შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ბატონ ჰანრაჰანთან. შეხვედრამ საკმაოდ მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი ინტერესის ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის, ღირებულებით თანხვედრაზე, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას გააჩნია ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელ ბრენდან ჰანრაჰან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერეთად, განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმება, რომელიც ორმხრივი სარგებლისკენ იქნება მიმართული.

სამხარაძის შეფასებით, "ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია" ჰქონდათ და ამ საკითხებზე მსჯელობას მომავალშიც აქტიურად განაგრძობენ.

"ვისაუბრეთ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე. ყურადღება გავამახვილეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და რა გავლენა აქვს ამ მოვლენებს საქართველოს უსაფრთხოებაზე. გვქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის, ტრამპის მარშრუტის საკითხზე და აღვნიშნეთ, რომ ჩვენ მივესალმებით ტრამპის მარშრუტის განხორციელებას, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს არ არის ალტერნატივა შუა დერეფნისთვის და საქართველოს მარშრუტისთვის - პირიქით, ეს არის შემავსებელი ფაქტორი. ასევე, გვქონდა საუბარი ამერიკული კომპანიების მიერ საქართველოში ინვესტიციების დაბანდებაზე და რაც მთავარია, საუბარი გვქონდა სტრატეგიული პაარტნიორობის ახალი შეთანხმების შესახებ. ჩვენ დავუდასტურეთ მზაობა, რომ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა ახალ შეთანხმებაზე, რომელიც იქნება მიმართული ორმხრივი სარგებლის მიღებისკენ და გამოვყავით მრავალი თემა, რომელიც ამ პარტნიორობას კიდევ უფრო ძლიერს გახდის. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა და ამ საკითხებზე მსჯელობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ," - აღნიშნა სამხარაძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ