პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო 04.03.2026 16:42

საქართველოს პარლამენტმა „გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებას, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

ცვლილებებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა პარლამენტის 78-მა წევრმა, წინააღმდეგ ხმა მისცა ცხრა დეპუტატმა.

მიღებული კანონპროექტის თანახმად, გრანტად მიიჩნევა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

გრანტის მიმღებად ასევე მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას.

უცხოეთში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს ვალდებულება ექნებათ, გრანტის მიღებამდე შესაბამისი თანხმობა საქართველოს მთავრობისგან მიიღონ.

მესამე მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტის მიხედვით, თუ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრირებული ფილიალი, წარმომადგენლობა ან განყოფილება თანხმობის გარეშე მიიღებს გრანტს, ეს პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

მომხსენებლის განმარტებით, საქართველოში არსებობენ ფონდები, სხვადასხვა ორგანიზაცია, მათი შესაბამისი უცხოური „დედაკომპანიის" წარმომადგენლობები და ფილიალები, მათაც, თანხის მიღების შემთხვევაში, ვალდებულება ექნებათ, საქართველოს მთავრობას შესაბამისი თანხმობის მისაღებად მიმართონ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პასუხისმგებლობად განსაზღვრულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით. სხვა პირების შემთხვევაში მათზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გავრცელდება - იგულისხმება საქართველოში მოქმედი ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც გრანტებს იღებენ.

იმ პირებს, რომლებსაც კანონის ამოქმედებამდე აქვთ მიღებული გრანტები, კანონის ამოქმედების შემდეგ ერთთვიანი ვადა ექნებათ, მიმართონ საქართველოს მთავრობას. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობასაც ერთთვიანი ვადა აქვს, გასცეს პასუხი - ან თანხმობა, ან უარი.

მიღებული ცვლილებების თანახმად, ამ პირებს ერთთვიან პერიოდში შეეძლებათ, თანხები, მაგალითად, კომუნალური მომსახურებისთვის და სხვა ვალდებულების შესრულებისთვის დახარჯონ. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არ გასცემს თანხმობას, ამ პირებს ვალდებულება ექნებათ, შეწყვიტონ მიღებული გრანტის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

ცვლილება შევიდა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტში. კერძოდ, პროექტს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოებაა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა. ამ დროს, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის კოდექსის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

ასევე, „სისხლის სამართლის კოდექსს" დაემატა ახალი მუხლი - „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ", საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯაროდ მოწოდება, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენა, ან ამავე პირის მიერ ჩადენილი სხვა სისტემატური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე აღნიშნული ქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შექმნის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.

აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გამოყენებული იქნება ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 400-დან 600 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის აღნიშნული იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ