"რასაც ჩვენ ვთავაზობთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, ეს არის რეალური სტრატეგიული პარტნიორობა" - შალვა პაპუაშვილი 04.03.2026 23:14

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში ვაშინგტონში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე საუბრობს. შალვა პაპუაშვილის თქმით, რასაც საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას სთავაზობს, ეს არის რეალური სტრატეგიული პარტნიორობა. 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართული მხარე ამერიკულ მხარეს პარტნიორობას სთავაზობს იმ მხრივ, რომ პარტნიორობა ცხადად ორიენტირებული უნდა იყოს ორივე ერის ინტერესებზე. 

"ჩვენ ვსაუბრობთ ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც განსხვავებით წინა შემთხვევისგან, რომელიც ერთის მხრივ, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ის სტრატეგიული პარტნიორობა, თუ გავიხსენებთ კონტექსტს როგორც ეს ჩამოყალიბდა, იყო 2008 წლის ომის შემდეგ, 2009 წელს, გარკვეული კომპენსაცია ომით დაზარალებული ქვეყნისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომელიც სინამდვილეში პრაქტიკაში არ რეალიზდა არანაირად და ეს იყო ფურცელზე ჩაწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია, რომელიც ვნახეთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ შეეცადა კიდეც, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგაც გამოეყენებინა იმ მხრივ, რომ ამის გაუქმება გარკვეულწილად, საქართველოში დესტაბილიზაციის წამქეზებელი ყოფილიყო.

რასაც ჩვენ ვთავაზობთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, ეს არის რეალური სტრატეგიული პარტნიორობა, ისეთი, როგორიც ქართველებმა ვიცით და ეს არაერთხელ ვაჩვენებთ ამერიკელებს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ფურცელზე რა იყო, ჩვენ საქმით ვაჩვენეთ ეს. ეს შეგვიძლია ჩვენ, როგორც მცირე ქვეყანას ზომით თუ ეკონომიკით, ჩვენი საქმით ვაჩვენოთ. ეს ვაჩვენეთ ყველგან, სადაც კი შეგვეძლო. ჩვენ ამერიკელების გვერდში ვიდექით იქ, სადაც მათი ერთგული პარტნიორები- მაგალითად ნატოდან, გაეცალნენ. ვგულისხმობ როგორც სამშვიდობო მისიებს, ისე ვგულისხმობ მაგალითად, ავღანეთიდან როდესაც ჯარების გამოყვანა იყო, საქართველომ შესთავაზა ყველაზე მოკლე და უსაფრთხო მარშრუტი იმისთვის, რომ ჯარები გამოეყვანათ საქართველოს ტერიტორიის გავლით.

ჩვენ ყველანაირად გვერდში ვუდგავართ, ვაჩვენებდით ყოველთვის, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობა ქართულად. ასე, რომ ჩვენ ამ ქართულ პარტნიორობას კიდევ ერთხელ ვთავაზობთ იმ მხრივ, რომ იყოს პარტნიორობა, რომელიც არის ცხადად ორიენტირებული ორივე ერის ინტერესებზე, და ეს არის რაც ჩვენ გვაძლევს იმედს იმ პოლიტიკაში, რაც აქვს ტრამპის ადმინისტრაციას, მათ შორის, მარკო რუბიოს განცხადება, რომ ისინი აღიარებენ სხვა ერების ინტერესებს და ისინი სხვა ერების ინტერესების აღიარებით ამყარებენ მათთან კავშირს, იმისთვის, რომ ნახონ იქ სადაც არის საერთო წერტილები, იქ ჰქონდეთ პარტნიორობა, იქ სადაც არის შეუთანხმებლობა, დიპლომატიური გზით მოხდეს გადაწყვეტა ამ საკითხების", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ