05.03.2026 16:46
ეს კონფლიქტი როდესაც დამთავრდება და, ეს კონფლიქტი მალე დამთავრდება, ამერიკელები აუცილებლად მოიკითხავენ, ვინ რომელ მხარეს იყო და როგორ იქცეოდა ამ პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.
ჟურნალისტმა ხიდაშელს ჰკითხა „ტვ პირველის" ეთერში მისსავე განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, თინა ხიდაშელმა განაცხადა: „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამეინის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი". კითხვაზე, შეიძლება თუ არა, ამ განცხადებას „ქართული ოცნების" მხრიდან მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება, ხიდაშელმა აღნიშნა, რომ „არაფერია გამორიცხული".
„რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ თუ გადაწყვეტენ, ამას შეიძლება, მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება, ნამდვილად ვფიქრობ ასე. ტროტუარზე მდგომებს ასამართლებენ ჩემს ქვეყანაში 2026 წელს, ამიტომ, არაფერია გამორიცხული და წარმოუდგენელი მათი მხრიდან. მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ საბედნიეროდ, როგორც ჩანს, ჩემმა განცხადებამ ბევრის ნერვულ სისტემას დააბიჯა და იქნებ დაინტერესდნენ, სინამდვილეში რა ხდება. პრობლემა გვაქვს იმ წარმონაქმნთან, რომელიც, ფაქტობრივად, ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული და რომელიც ამზადებდა მთელი ამ წლების განმავლობაში ირანის გუშაგთა არმიის ერთგულ კადრებს. დაკავებული იყო რეკრუტირებით, როგორც ეს წერია აშშ-ის მიერ გამოცემული სანქციების დოკუმენტში. მე ვეყრდნობი ამ დოკუმენტს, ვციტირებ ამ დოკუმენტს. იმის გამო, რომ ძალიან კარგად ვადევნებ თვალს და ყურადღებით ვაკვირდები ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებებს, მაქვს შიში, რომ შესაძლოა, ჩემს ქვეყანას დაემუქროს ამის გამო საფრთხე და პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან ეს კონფლიქტი როდესაც დამთავრდება და ეს კონფლიქტი მალე დამთავრდება, ამერიკელები აუცილებლად მოიკითხავენ, ვინ რომელ მხარეს იყო და როგორ იქცეოდა ამ პროცესში", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ავტორ(ებ)ი :