06.03.2026 17:42
ქვეყნის გარეთ მყოფი ძალების აქაური მოკავშირე, მეხუთე კოლონა ითხოვს, რომ საქართველო ამა თუ იმ ფორმით სანქციების ქვეშ მოჰყვეს, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ყოფილი სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებელი ნინო ლომჯარია, ასევე, „ახალი გაერთიანების" წევრები საქართველოში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან იმყოფებიან. გარდა ამისა, გავრცელებული ცნობით, დისკუსიაში დისტანციურად მონაწილეობს საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ასეთ ძალებს ერთადერთი ბერკეტი, უვიზო მიმოსვლის შეჩერება დარჩათ, რათა ამით ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ.
„ვხედავთ, რომ თავის მიზნებს, რასაც ჰქვია, რევოლუცია და არეულობა ვერ აღწევენ. იმასაც აცნობიერებენ, რომ შესაძლოა, ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობა მართლაც გადაიტვირთოს. ხედავენ იმასაც, მოსახლეობის ნდობაც ხელისუფლების მიმართ მყარია და ხელისუფლება ამ ურთულეს ვითარებაში ეროვნული ინტერესებით მოქმედებს, ამიტომ, რაღაცნაირად ფიქრობენ, რაღაც ბერკეტები აამუშაონ, რათა ქვეყანაში ვითარება დაძაბონ. ამის ერთადერთი ბერკეტი სწორედ უვიზო მიმოსვლის რამენაირად შეჩერებაა. ფიქრობენ, რომ ამით მოსახლეობაში არეულობას გამოიწვევენ. ქვეყნის გარეთ მყოფი ძალებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველო აქტიურად ყოფილიყო ჩართული ომში. ისინი პირდაპირი ტექსტით გვეუბნებიან, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ. ეს არა მხოლოდ ეკონომიკურ ძლიერ დარტყმას წარმოადგენს, არამედ ეს იქნება შემდეგი გართულება პოლიტიკური და უსაფრთხოების და სამხედრო მიმართულებით. მათი აქაური მოკავშირეები, მეხუთე კოლონაა, რომელიც არა მხოლოდ ბომბების წვიმას ითხოვს, არამედ იმას ითხოვს, რომ საქართველო ამა თუ იმ ფორმით სანქციების ქვეშ მოჰყვეს. ამაზე ღია ტექსტი რაღა უნდა იყოს? - მათთვის მთავარია არა საქართველოში მშვიდობა და დემოკრატია, არამედ ხელისუფლებაში მეხუთე კოლონის მოყვანა", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :