შეერთებულმა შტატებმა საქართველოში არსებული ვითარება სწორად შეაფასა - ალექსანდრე დარახველიძე 10.03.2026 19:31

 

საქართველოს შეფასება და მისი მოხვედრა პირველ კალათაში განაპირობა სწორედ იმ სწორმა და პრაგმატულმა პოლიტიკამ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად საქართველოს დასახელების შესახებ.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოში არსებული ვითარება სწორად შეაფასა.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა გზამკვლევი საკუთარი მოქალაქეებისთვის, რომლებიც გეგმავენ ქვეყნის გარეთ მოგზაურობა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად მსოფლიოს ქვეყნები დაყოფილია 4 კატეგორიად საფრთხის რისკის მიხედვით პირველიდან მეოთხე დონის ჩათვლით. ქვეყნები, რომლებიც პირველ კალათაში მოხვდნენ, ითვლებიან ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებად მათი მოქალაქეების მოგზაურობისთვის და საქართველო სწორედ ამ კალათაში მოხვდა. რაც შეეხება სხვა მეზობელ სახელმწიფოებს და ასე შემდეგ, ნაწილმა მეორე კალათაში, ნაწილმა კი მესამე და მეოთხე კალათაში გადაინაცვლეს. ეს შეფასება ეფუძნება იმ უსაფრთხოების რისკების შეფასების ანალიზს, რაც სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საქართველოს შეფასება და მისი მოხვედრა პირველ კალათაში განაპირობა სწორედ იმ სწორმა და პრაგმატულმა პოლიტიკამ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ასევე დადებითად შეფასდა სახელმწიფო უწყებების და განსაკუთრებით სამართალდამცავი უწყებების მიერ განხორციელებული ღონისძიებები ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის კუთხით. შესაბამისად, აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ძალიან სწორედ იქნა შეფასებული ქვეყანაში არსებული ვითარება და ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს და გაიცა კონკრეტული რეკომენდაციები ამერიკის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველო რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ