12.03.2026 16:32
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში მოქმედი დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს შეხვდა.
მერმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოში თურქეთის ელჩთან, ხოლო გაცნობითი შეხვედრა ბრაზილიის ელჩთან გამართა.
შეხვედრაზე თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა თურქეთის ელჩს ალი ქაან ორბაის იმ წვლილისთვის, რომელიც მან საქართველოში მუშაობის დროს ორი ქვეყნის ურთიერთობაში შეიტანა.
„მადლობა თანამშრომლობისთვის და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და კიდევ უფრო დიდ მეგობრობაში შეტანილი წვლილისთვის. ძალიან ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს კეთილმეზობლური ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ. წარმატებებს გისურვებთ თქვენს მომავალ საქმიანობაში. ჩვენ მეგობრებად ვრჩებით. იცოდეთ, რომ საქართველოში გყავთ ბევრი მეგობარი, თუნდაც ჩემი, როგორც ერთი რიგითი ქართველის სახით", - განაცხადა კახა კალაძემ.
თავის მხრივ, თურქეთის ელჩმა აღნიშნა, რომ თბილისში თავს ძალიან მშვიდად და დაცულად გრძნობდა.
„მადლობა, რომ დატვირთული დღის წესრიგის მიუხედავად, გამონახეთ დრო შეხვედრისთვის. მინდა, გამოვხატო ჩემი მადლიერება, რომ ოთხი წლის განმავლობაში ამ ქალაქში თავს ისე ვგრძნობდი, როგორც სახლში. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, არაერთ ქვეყანაში მომიწია ცხოვრება და არასად მიგრძვნია თავი ისე, როგორც თბილისში - დაცულად და მშვიდად. მქონდა შესაძლებლობა, პირადად მედევნებინა თვალი თბილისის განვითარებისთვის. რთულია ისტორიული ქალაქების ხელმძღვანელობა, რადგან იცი, რომ რაღაც გასაკეთებელია და ვერ ეხები, ვინაიდან მას აქვს ისტორია. თქვენ შეძელით, რომ გამოხვიდეთ ხოლმე მდგომარეობიდან, გამოსავალი იპოვოთ. ვიცი, რომ ბევრი ახალი გეგმა და პროექტი გაქვთ თბილისთან მიმართებაში. მინდა, გისურვოთ წარმატებები და იცოდეთ, რომ ანკარაში გყავთ მეგობარი. იმედი მაქვს, მომავალში სხვადასხვა ფორმატში კიდევ გვექნება შეხვედრის შესაძლებლობა", - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება გაცნობითი ხასიათის შეხვედრას საქართველოში ბრაზილიის ელჩთან, კარლოს მარტინ სეგლიასთან, თბილისის მერმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაში თავისი წვლილი შეიტანოს.
„ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. მინდა, დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა. ჩემი წინა საქმიანობიდან გამომდინარე, ბრაზიალიაში ბევრი მეგობარი მყავს. ძალიან ვაფასებ თქვენს კულტურას და ტრადიციებს. მზად ვართ, აქტიურად ვიმუშაოთ, რომ ჩვენი ურთიერთობები უფრო ინტენსიური გავხადოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
თავის მხრივ, ბრაზილიის ელჩმა მადლობა გადაუხადა თბილისის მერს შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია, იყოს თავისი ქვეყნის ელჩი საქართველოში და იმუშაოს თბილისში. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მათი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ავტორ(ებ)ი :