აშშ-მა საქართველო სავიზო გირაოს პროგრამაში დაამატა 18.03.2026 20:21

აშშ-მა საქართველო სავიზო გირაოს პროგრამაში დაამატა - ტურისტული ვიზის მისაღებად მსურველებს 15 000 დოლარამდე დეპოზიტის გადახდა მოუწევთ - „სავიზო ობლიგაციების" (Visa Bond) პროგრამის გაფართოების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკის მკვეთრი გამკაცრების ფარგლებში გამოაცხადა.

 უწყების ცნობით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს იმ პირთა რაოდენობის შემცირებას, რომლებიც ქვეყანაში ტურისტული ვიზით შედიან და დადგენილ ვადებზე მეტხანს რჩებიან. ახალი რეგულაცია, რომელიც ოფიციალურად 2026 წლის 2 აპრილიდან ამოქმედდება, 50 სახელმწიფოს შეეხება, რომელთა შორის საქართველოც „მაღალი რისკის" ჯგუფში მოხვდა. ცნობილია, რომ ახალი რეგულაცია არ ეხება მათ, ვისაც მოქმედი ვიზა უკვე აქვს. გაცემული ვიზა ძალაში რჩება მის დასრულებამდე იმავე პირობებით, რა პირობებითაც გაიცა. სავიზო ობლიგაციის (Visa Bond) მოთხოვნა შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ვიზაზე განაცხადს 2026 წლის 2 აპრილის შემდეგ შეიტანენ.

 გაფართოებული წესის თანახმად, აშშ-ის კონსულებს ეძლევათ უფლებამოსილება, B-1 (ბიზნეს) და B-2 (ტურისტული) ვიზის მაძიებლებს მოსთხოვონ დაბრუნებადი ფულადი გარანტიის წარდგენა ვიზის გაცემამდე. ინდივიდუალური რისკის შეფასების საფუძველზე, დეპოზიტის ოდენობა განისაზღვრება $5,000, $10,000 ან მაქსიმუმ $15,000 აშშ დოლარით.

 

 საქართველო იმ 12 ახალ ქვეყანას შორისაა, რომლებიც ამ შეზღუდვების ბოლო ტალღაში მოჰყვნენ. საერთო ჯამში, სიაში უკვე 50 სახელმწიფოა. ადმინისტრაციის განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი განაპირობა ამ რეგიონებიდან ჩასული მგზავრების მხრიდან სავიზო ვადების დარღვევის მზარდმა მაჩვენებელმა. მგზავრები, რომლებიც დაიცავენ სავიზო პირობებს და დატოვებენ აშშ-ს ნებადართული ვადის ამოწურვამდე, ან ისინი, ვინც აიღეს ვიზა, მაგრამ არ გაემგზავრნენ, დეპოზიტს სრულად დაიბრუნებენ. პირები, რომლებიც დაარღვევენ ვიზის პირობებს და აშშ-ში არალეგალურად დარჩებიან, აღნიშნულ თანხას სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ დაკარგავენ. დეპოზიტის გადახდა განხორციელდება უსაფრთხო სამთავრობო პორტალის, Pay.gov-ის მეშვეობით, ვიზის საბოლოო ბეჭდვამდე. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ