პაატა მანჯგალაძე ცდილობს, პასუხისმგებლობას გაექცეს - ლევან მაჭავარიანი 28.03.2026 15:18

პაატა მანჯგალაძე ცდილობს, პასუხისმგებლობას გაექცეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებები, ვიდეომასალა და, შესაბამისად, დაკავებულებს მხოლოდ თავის მართლება დარჩათ.

„გვახსოვს, ერთი თვის განმავლობაში დანარჩენი დაკავებულებიც როგორ იმუქრებოდნენ, რომ ეს იქნებოდა დამხობის აქცია, რომ საქართველოში რაღაცა ნეპალის სცენარი განმეორდებოდა და შემდეგ ვიხილეთ, ეს აქტორები როგორ მოუწოდებდნენ საზოგადოებას, რომ პრეზიდენტის სასახლესთან გადასულიყვნენ, სასახლე შტურმით აეღოთ და შემდეგ უკვე დანარჩენი ადმინისტრაციული შენობებიც. რა თქმა უნდა, მტკიცებულებების საკმაოდ მაღალი ხარისხი და სტანდარტი არსებობს დაკავებულებთან მიმართებაში, ვინაიდან ვიდეომასალა არსებობს აბსოლუტურად ყველაფრის, შესაბამისად, ახლა მხოლოდ თავის მართლება დარჩათ", - განაცხადა მაჭავარიანმა.

რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა პაატა მანჯგალაძე 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი, რადგან თავად ამას არ აღიარებს, ლეvან მაჭავარიანმა უპასუხა:

„მე არ მაქვს უფლება, რომ რაიმე მტკიცებით ფორმატში გავაჟღერო, ეს გამოძიების საქმეა. ჩემი გადმოსახედიდან ლოგიკურად თუ მივყვებით, რა თქმა უნდა, ბატონი მანჯგალაძე ამ ყველაფერში ჩართული იყო. ეს არ იყო ერთი და ორი თვის დაგეგმილი, ეს იყო წინასწარ, დიდი ხნის წინ დაგეგმილი კამპანია, სადაც ეს აქტორები ხელისუფლების დამხობით იმუქრებოდნენ. ბატონ მანჯგალაძეს მართლა რამე კითხვა თუ ჰქონდა ბურჭულაძესთან, შეეძლო, დაერეკა ან აქციის დაწყებამდე ეკითხა".

ამასთან, ლევან მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებაზეც, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მანჯგალაძის მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას.

„ეს სასამართლოს პრეროგატივაა, შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, ეს სახალხო დამცველი იქნება თუ პოლიტიკოსი, ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ რაიმე მტკიცებით ფორმატში გავაჟღეროთ. მე როდესაც ვსაუბრობ, ვსაუბრობ იმაზე დაყრდნობით, რაც ვიდეომასალაში ვიხილე. ეს ჩემთვის, როგორც არაიურისტისთვის, საკმარისია, რომ საქმეს დანაშაულის კვალიფიკაცია მივანიჭო, თუმცა მტკიცებით ფორმატში ამას ვერ ვიტყვი", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ