29.03.2026 11:34
საქართველოს საელჩო პირველად წარსდგა ქართული სტენდით აშშ-ის ანაკოსტიის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე გამართულ საერთაშორისო კულტურულ გამოფენაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისივე ცნობით, ღონისძიებას მასთან ერთად ესწრებოდნენ სამხედრო ატაშე იროდი ქადაგიშვილი და მისი მოადგილე გიორგი დუმბაძე.
„ქართული კუთხე წარმოდგენილი იყო აშშ-ის სამხედრო სფეროში დამსახურებული ორი ქართველის, აშშ-ს გაერთიანებული შტაბების ყოფილი მდივნის, გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილისა და გამორჩეული ქართველი გამომგონებლისა და ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი გამოფენით.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ტრადიციული ქართული სამოსი, ღვინო და ნუგბარი.
ღონისძიება „საჰაერო და კოსმოსური ძალების სამხედროთა მეუღლეების კლუბის" მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც საქართველოს მხრიდან წარმოადგენდა სამხედრო ატაშეს მეუღლე, თამარ საჩანელი. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ამერიკელი სამხედროები, აშშ-ში აკრედიტებული საელჩოებისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები", - წერს ტალიაშვილი.
ავტორ(ებ)ი :