შვეიცარიელი ანალიტიკოსი ჟაკ ბო: “ჩემი რჩევა საქართველოსთვის იქნება, დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია, ნატოს წევრობასთან დაკავშირებითაც 31.03.2026 23:22

 

ნეიტრალიტეტი მცირე ქვეყნისთვის - არის საუკეთესო პოზიცია. ნეიტრალიტეტის საშუალებით თქვენ გაქვთ გარკვეული გავლენა ორივე მხარეზე, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით" შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ჟაკ ბომ. მან ქვეყნის ნეიტრალიტეტის თემაზე გადაცემის წამყვანის კითხვაზე პასუხად ისაუბრა.

„საქართველო გეოგრაფიულად ახლოსაა ირანთან, სადაც ახლა ომი მიმდინარეობს და შესაძლოა, ეს ომი რეგიონში უფრო გავრცელდეს. ამის ფონზე ევროკავშირს სურს, რომ საქართველომ ეკონომიკური სანქციები დაუწესოს რუსეთს, რაც დიდ რისკებს ქმნის, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს გამანადგურებელ ომში. როგორ შეუძლია საქართველოს, საუკეთესო გზა იპოვოს, რათა უსაფრთხოება დაიცვას და შეინარჩუნოს მშვიდობა?" - მიმართა კითხვით სტუმარს ირინა ბათიაშვილმა.

ჟაკ ბომ აღნიშნა, რომ ნეიტრალიტეტი საშუალებას აძლევს ქვეყანას, არა მხოლოდ დარჩეს კონფლიქტებისგან დამოუკიდებელი, არამედ შესთავაზოს სამართლიანი და ეფექტური დახმარება კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს.

„ბუნებრივია, რომ ჩემი პასუხი ნაწილობრივ სუბიექტური იქნება, რადგან შვეიცარიელი ვარ და შვეიცარია ნეიტრალურია. გულწრფელად გეტყვით, ჩემი აზრით, ნეიტრალიტეტი მცირე ქვეყნისთვის - არის საუკეთესო პოზიცია. ნეიტრალიტეტის საშუალებით თქვენ გაქვთ გარკვეული გავლენა ორივე მხარეზე. ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს იმას, რომ არაფერი აკეთო. ნეიტრალიტეტი უნდა იყოს სამსახური სხვებისთვის, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში, თუ ასე გადაწყვეტთ. სწორედ ეს არის ნეიტრალიტეტის ჭეშმარიტი მნიშვნელობა.

ჩემი რჩევა საქართველოსთვის იქნება, რომ დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია. ეს მიდგომა უნდა გავრცელდეს ნატოს წევრობასთან დაკავშირებითაც. რაც შეეხება ნატოს წევრობას, ნატოს წინააღმდეგი არ ვარ. პირადად მე ხუთი წელი ვიმუშავე ნატოში, არ მაქვს წინააღმდეგობა ამ ორგანიზაციისადმი, როგორც ასეთი, და მესმის, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ან თავდაცვის ორგანიზაცია ზოგადად კარგია. პრობლემა ისაა, რომ მე არ ვარ დარწმუნებული, რამდენად ერგება ნატო ამჟამინდელ ევროპულ უსაფრთხოების არქიტექტურას.

ნეიტრალური სტატუსის მქონე ქვეყანა საერთაშორისო სცენაზე განსაკუთრებულ პოზიციას იკავებს. ნეიტრალიტეტი საშუალებას აძლევს ქვეყანას, არა მხოლოდ დარჩეს კონფლიქტებისგან დამოუკიდებელი, არამედ შესთავაზოს სამართლიანი და ეფექტური დახმარება კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს, კონფლიქტის ბუნების მიუხედავად. ეს იძლევა შანსს, გახდე შუამავალი, მასპინძელი უსაფრთხოების მოლაპარაკებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, რაც ზრდის ქვეყნის გავლენასა და ავტორიტეტს გლობალურ დონეზე", - განაცხადა შვეიცარიელმა სამხედრო ანალიტიკოსმა.

ჟაკ ბომ ასევე აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ დაკარგა ეს შესაძლებლობა უკრაინის კონფლიქტის დროს, რადგან გახდა მხარე.

„დარწმუნებული ვარ. ახლა სხვა ქვეყნებს მიეცემათ შესაძლებლობა, განაცხადონ პრეტენზია ამ პოზიციაზე. ჩემი აზრით, ეს შეიძლება, გახდეს შესაძლებლობა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო, რომელიც სარგებლობს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით და კულტურული მემკვიდრეობით.

საქართველო ცნობილია უძველესი და მდიდარი კულტურით, ის პატივცემული ქვეყანაა საერთაშორისო სივრცეში. ვხედავ, რომ სწორედ ასეთი ქვეყანა - რომელიც არ ემუქრება სხვას, მოწადინებულია მშვიდობისკენ, შეძლებს, რომ ეფექტურად შეასრულოს მეტად მნიშვნელოვანი როლი. ეს არის წვლილი, რომელიც დიდ თუ პატარა ქვეყანას შეუძლია შეიტანოს საერთო საქმეში. პატარა ქვეყანა არ ნიშნავს, რომ ხარ უძლური, პირიქით, მცირე ზომის ქვეყანას ხშირად დიდი სიბრძნეს მოაქვს", - განაცხადა ჟაკ ბომ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ