მიხეილ სააკაშვილი - ილია II-მ 2014 წელს პუტინს უთხრა, ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობაო, ამ პიროვნებაში ვიგულისხმებოდი მე, ამაზე ისტორიის შეფასება მკაცრი იქნება 04.04.2026 13:24

ილია II-მ 2014 წელს მოსკოვში პუტინს უთხრა: „ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობა", ამ ერთ პიროვნებაში მე ვიგულისხმებოდი და ის, რომ სწორედ ჩემ გამო ვერ შეძლო პუტინმა 2008-ში საქართველოს დაპყრობა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ განცხადებას ისტორია მკაცრად შეაფასებს.

„პატრიარქი ილია II იყო კომპლექსური პიროვნება, 2014 წელს ის ჩავიდა მოსკოვში, შეხვდა პუტინს და უთხრა შემდეგი ფრაზა: „ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობა", ამ ერთ პიროვნებაში, რა თქმა უნდა, მე ვიგულისხმებოდი და ის, რომ სწორედ ჩემ გამო ვერ შეძლო პუტინმა 2008-ში საქართველოს დაპყრობა. ეს განცხადება ყველამ თვითონ შეაფასეთ (ისტორიის შეფასება იქნება მკაცრი).

თუმცა, მეორე მხრივ, მე მახსოვს ისიც, როგორ მიჭერდა ილია II მხარს ხუთჯვრიანი დროშის დამკვიდრებაში, როდესაც იუსტიციის მინისტრობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს აქტიურად დავიწყე ამ დროშის გამოყენება, ვინაიდან ვთვლიდი, რომ ხუთჯვრიანი დროშა ბევრად უფრო ასახავდა ჩვენს ისტორიას და ღირებულებებს, ვიდრე სოციალ-დემოკრატების I რესპუბლიკის დროშა. დროშას კრძალავდნენ, მას ხევდნენ, ჩემს წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები და მაშინ სწორედ პატრიარქის აქტიურმა ჩარევამ გააძლიერა ჩვენი პოზიციები", - აღნიშნავს სააკაშვილი.

მისივე თქმით, ერთმნიშვნელოვნად თეთრი და შავი არ არსებობდა, თუმცა, რაც ახლა ხდება, სიბნელის მოძლიერება და გამეფების მცდელობაა.

„პატრიარქს ბოლოს ბერლინში შევხვდი, 2017 წელს, შრიტეს კლინიკაში. მე და გიულიმ მოვინახულეთ, შეხვედრას ესწრებოდა შორენა თეთრუაშვილი და ეს იყო ძალიან თბილი შეხვედრა, რომლის დროსაც პატრიარქს ჩემზე ხელი ჰქონდა ჩამოკიდებული და სულ მიმეორებდა: „თქვენ დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ საქართველოში".

ჩემი დაბრუნების შემდეგ პატრიარქი უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ და საპატრიარქოს რეაქცია, რაც იყო ჩემს და სხვების დატყვევებაზე, მგონი, გვახსოვს.

ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ერთმნიშვნელოვნად თეთრი და შავი არ არსებობდა, თუმცა ახლა რაც ხდება, ეს არის სიბნელის მოძლიერება და საბოლოოდ გამეფების მცდელობა. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მიმაჩნია, რომ ამ ძალიან რთულ პერიოდს ყველა სფეროში საკმაოდ ჩქარა გადავლახავთ, თუ, რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ. „იბრძოლეთ და ძლევთ" (ტარას შევჩენკო)", - წერს სააკაშვილი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ