09.04.2026 12:54
ზვიად გამსახურდია და მე, ორივე დავბრუნდით სამშობლოში სამეგრელოს გავლით, სადაც ორივეს მხარს გვიჭერდნენ. ზვიადი ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს და სიკვდილის პირას მიმიყვანეს და ახლაც არაადამიანურ ტყვეობაში ვყავარ და მიუხედავად ამისა, სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლა არა მხოლოდ ღირს, არამედ ყველა ჩვენგანის საპატიო ვალია და ამ აზრს ვერანაირი განსაცდელი ვერ შემიცვლის,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მისი თქმით, 1991 წლის 9 აპრილს, როდესაც ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ნათელი იყო, რომ „მგლის ხროვის გარემოცვაში", სახელმწიფო მართვის გამოცდილების არმქონე გამსახურდიას, ძალიან გაუჭირდებოდა.
„1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს იყო ლიეტუვის შემდეგ, მეორე საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა. მე მაშინ კიევში ვსწავლობდი და ქართული სათვისტომოს (რომლის ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი) სახელით მივედი მთავარ ფოსტაში და ზვიადის სახელზე დეპეშა გავგზავნე მილოცვით და მადლიერებით.
მაშინვე ნათელი იყო, იმ მგლის ხროვის პირობებში, რომელიც მას გარს ერტყა, სახელმწიფოს მართვაში სრულიად გამოუცდელ ზვიადს, რომელსაც მართვის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, ძალიან დიდი სიძნელეები ექნებოდა, ეს ეჭვს არ იწვევდა.
თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, იქ სადაც მე წლების შემდეგ, როცა ქართული ფრონდა შედარებით შესუსტებული იყო და დასავლეთი მხარს მიჭირდა, ასე გამიჭირდა, ზვიადს საერთოდ შანსი არ ჰქონდა.
ისე, რა ერთნაირი მეთოდებით გვებრძოდნენ - ზვიადმა მერსედესები იყიდა და სახლში ლომები და ვეფხვები ჰყავდაო, ხაზინა გაიტანაო, მიშამ ძუძუები მოაჭამა და ცოლმა საშვილოსნოები ამოაჭრაო, 19 მილიარდი აქვსო და რა თქმა უნდა, ორივეზე ამბობდნენ „გიჟიაო". ორივეს მოსაკლავად დაგვდევდნენ იმპერია და მისი ადგილობრივი საცეცები.
ზვიადი და მე, ორივე დავბრუნდით სამშობლოში სამეგრელოს გავლით, სადაც ორივეს მხარს გვიჭერდნენ. ზვიადი ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს და სიკვდილის პირას მიმიყვანეს და ახლაც არაადამიანურ ტყვეობაში ვყავარ და მიუხედავად ამისა, სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლა არა მხოლოდ ღირს, არამედ ყველა ჩვენგანის საპატიო ვალია და ამ აზრს ვერანაირი განსაცდელი ვერ შემიცვლის",- განაცხადა სააკაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :